31 აგვისტო, 2018

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე

თბილისის მერიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩამდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდება.

„ეს მონაკვეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამ ეტაპზე ქვედა ფენის მოასფალტება მიმდინარეობს. ჯერ პირველი ფენა დაიგება და შემდეგ საბოლოო ფენა. დაახლოებით 15 სექტემბრისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მთლიანად დასრულდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

„სტატისტიკას თუ გადახედავთ, დედაქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად არასდროს ჩატარებულა. ვიცით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ქალაქში მდგომარეობა რამდენად მძიმეა, შესაბამისად, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მომავალ წელს კიდევ ბევრი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. წლების წინ, ერთი-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ ოთხი წლით ვართ მოსული, რაც საკმაოდ ცოტა დროა. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რომელიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კახა კალაძემ

ზ. ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა გეგეშიძის ბაღიდან (ფალიაშვილის ქუჩის #34) ბაზალეთის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში შეიზღუდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები