28 სექტემბერი, 2018

„ეკოსერვის ჯგუფის“ აღჭურვილობა განახლდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიზნები და ამოცანები გააცნო და კომპანიის ახლადშეძენილი, თანამედროვე ტექნიკა დაათვალიერებინა.

კახა კალაძე რიყის პარკში მერის მოადგილე მაია ბითაძესთან და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„აღნიშნული სამსახურის არსებობა და თითოეული თანამშრომლის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს პრეტენზია, რომ ქალაქში მწვანე სივრცეები მოწესრიგებული, ჩვენი ქალაქი კი, კეთილმოწყობილი და ყველაზე ლამაზი იყოს. თითოეული ამ ადამიანის როლი, ფუნქცია, მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვანია. აქვე წარმოდგენილია შესაბამისი ტექნიკა, ხელსაწყოები, რომლითაც მათ მუშაობა მოუწევთ. მომდევნო თვეების განმავლობაში, კიდევ დამატებითი ტექნიკის შეძენა მოხდება, რომ მათი საქმიანობა უფრო კომფორტული გახდეს. ქალაქში უამრავი მწვანე სივრცეა, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. გვაქვს, ასევე, დიდი პარკები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. საჭიროა მათი რეაბილიტაცია, ასევე, თუ ახლადშექმნილ პარკებს არ მოვუარეთ, თითოეული დახარჯული ლარი წყალში გადაყრილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ვახტანგ ნოზაძემ განმარტა, რომ კომპანია განვითარებას განაგრძობს.

„ეკოსერვის ჯგუფი“ სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. ამ მოკლე პერიოდში მერიის და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, საკმაოდ მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შევქმენით, რაც ქალაქის მოვლის ხარისხზე აისახება. დედაქალაქის მასშტაბით, ცენტრალური პარკების და ურბანული გამწვანებული ზონების მოწყობა მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის დამატებითი გამოწვევაა. 2019 წლისთვის, ისე უნდა გავძლიერდეთ, რომ გამოწვევას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“, - განაცხადა ვახტანგ ნოზაძემ.

„ეკოსერვის ჯგუფი“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას განაგრძობს და მომავალი წლისთვის ორი ერთეული წყალმზიდით, ერთი შესაწამლი სპეცავტომობილით, კუნძების ამომღები აგრეგატით და სხვა ტექნიკით აღიჭურვება. „ეკოსერვის ჯგუფის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებული ტექნიკისგან შედგებოდა, რომელიც მხოლოდ თბილისის ათ პარკს ემსახურებოდა. კომპანიას ურბანული გამწვანებული ზონების მოვლისთვის საჭირო ტექნიკაც არ გააჩნდა.

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დააარსა, რათა თბილისის გამწვანების მოვლა-პატრონობის ხარისხი თვისობრივად გაუმჯობესდეს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო თბილისის პარკების, გამწვანებული ურბანული ზონების, შადრევნებისა და სასმელი წყლის სოკოების მოვლა-პატრონობა, ასევე, თბილისის მაგისტრალურ ქუჩებზე არსებული მწვანე ნარგაობის სხვლა-ფორმირება და თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრაა.