24 ოქტომბერი, 2018

ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა რუსთავში

ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ერთი საფეხბურთო ბაზა, აკადემია შეემატა ჩვენს ქვეყანას. ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, სწორედ სპორტით და ფეხბურთით მაქვს მიღწეული. კიდევ უფრო მეამაყება, რომ დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, ასეთი საინტერესო, ქვეყნისა და ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო პროექტებით შევცვალოთ ის, რაც აქამდე პრობლემა იყო.
ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ნიჭიერი თაობები გვეზრდებიან და სწორედ მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ მომავალში გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები.
ასევე, მინდა ახალგაზრდებს მივმართო, რომ განათლების გარეშე შეუძლებელია იყო წარმატებული ნებისმიერ სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტი, ბიზნესი თუ სხვა რაიმე მიმართულება. ამდენად, ვეთანხმები პრემიერის პათოსს და მიხარია, რომ აკადემიაში არის შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება.
მოხარული ვარ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქი, რაიონი და სოფელი მოვიცვათ სპორტით.
დიდი მადლობა, ასევე, უეფას, ფიფას მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
მინდა, წარმატება ვუსურვო ლევან კობიაშვილს, რადგან ზუსტად მისი სწორი მენეჯმენტის გამო განხორციელდა ეს ყველაფერი. ეს სწორი მენეჯმენტი აისახა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ. წარმატებას ვუსურვებ მათ.