8 ნოემბერი, 2018

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული კორტები თბილისს უბრუნდება

უცხოელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია, სადაც ადრე კორტები არსებობდა, 2009 წელს გასხვისდა. უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ზემოთ ასევე, ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს. ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, პირადად ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია. კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა - ჩოგბურთის კორტები, მინი საფეხბურთო მოედნები და თუ შესაძლებელი იქნება, საცურაო აუზიც მოეწყობა, რომლითაც, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები ისარგებლებენ. დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ქალაქში, მწვანე სივრცეები, სკვერები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურაა.