21 ნოემბერი, 2018

კოსტავა-შარტავას და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიამ მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი დაასრულა. გაწეული სამუშაოების შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, რამდენიმეთვიანი სამუშაოები შედეგიანად დასრულდა.

„საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, წყლის მილები მთლიანად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე ქსელები. გარე განათების ბოძები გამოიცვალა და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბოძები თავისი LED სანათებით. ჰაერში გადაჭიმული სადენები მიწისქვეშ არის ჩატანილი. ასევე, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი. შშმ პირებისთვის კი ადაპატირებული ჩამოსასვლელები გაკეთდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გზაგამყოფები, რომელიც მთლიანად ბეტონის ფილებით იყო გაკეთებული, გამწვანდა.

„ზოგადად მიდგომა შევცვალეთ არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. სადაც შესაძლებელია, გვინდა, მწვანე სივრცეები გავაკეთოთ. აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით 200 ძირი ხე-მცენარე განთავსდა. ვფიქრობ, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენ ასეთი მიდგომები გვექნება ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელსაც სამომავლოდ განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავა-შარტავას ქუჩებს გამჭოლი ქუჩებით აკავშირებს პეკინის გამზირთან; ტროტუარებზე განთავსდა მოსასვენებელი სკამები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის მოსაცდელები.

დღესვე დასრულდა ქუჩების ორივე მხარეს ე.წ. ბასლეინების დახაზვა, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ 150 000 მგზავრს, რომელიც ამ ქუჩებზე ყოველდღიურად გადადგილდება, შეუფერხებლად და კომფორტულად იმგზავრონ.

თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე „ბასლეინების“ ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს. რეაბილიტირებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები განახორციელეს თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა, „ბლექ სი გრუპმა“ და „ენ სი სიმ“. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ადგილზე თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.