2 აპრილი, 2019

აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება

აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობდა, თუმცა ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს ეს დაფინანსება 7-ჯერ არის გაზრდილი და დაახლოებით, 4 მლნ ლარს უთანაბრდება. ამ ეტაპზე, 951 ბენეფიციარი გვყავს, თუმცა პრობლემები დღესაც არსებობს. მაგალითად, 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის არ არსებობს სერვისცენტრები. ამ პროექტით კი შევძლებთ, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. დედაქალაქის მერიამ, დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა გადასცა ფონდს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა მშენებლობის ყველა ეტაპზე. მზად ვარ, თქვენთან ერთად ჩავება კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ბიზნესსექტორის მეტი წარმომადგენელი ჩავრთოთ აღნიშნულ საპატიო პროცესში და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და სახელმწიფოს თანადგომით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

აუტიზმის ეროვნული ცენტრი, რომელიც რეგიონული მნიშვნელობისაა და ანალოგი არ აქვს, აუტისტური სპექტრის მქონე 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოემსახურება. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

კომპლექსის მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური საწარმოების კომპონენტი წარმოადგენს, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამუშაო უნარ-ჩვევები შეიძინონ, დასაქმდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ცენტრის კონცეფცია მოიცავს ასევე, ინკლუზიურ კომპონენტს.