29 მაისი, 2019

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, 29 მაისს, ღამით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

„ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. მხოლოდ მოასფალტება და გზის ძველი საფარის ახლით შეცვლა საქმეს არ შველის. ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, სადაც რეაბილიტაციას დავიწყებთ, იქ, ყველანაირი კომუნიკაციის ცვლილება უნდა მოხდეს, წყალარინების, სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგების და ა.შ. ჭავჭავაძის გამზირზე არის კონკრეტული ადგილები, რომელიც ჩავარდნილია და გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. იმის გამო, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ, მთლიან გამზირს ვერ გადავკეტავთ, ამიტომ ადგილების შერჩევა მოხდა და შეზღუდვა მათზე დაწესდება. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები, ავტობუსების ზოლები შეიცვლება და მოწესრიგდება. გარდა ამისა, მთავრობის წინა სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალე, რომ ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდეს. საზოგადოების ნაწილმა ეს არასწორად გაიგო. ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდება. მიწის ზემოთ კი ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ღია ურნები, რაც ახლა გვაქვს, ვიზუალურად და ანტისანიტარიის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის. ასევე, ურნები იქნება სეპარაციისთვის განკუთვნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. რეაბილიტირებულ პარკებში ასეთი ურნები განვათავსეთ. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო იმიტომ, რომ გარკვეული შეფერხებები იქნება რეაბილიტაციის დროს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია სამუშაოების გარკვეული შეზღუდვების გარეშე წარმოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა რადიოქალაქის პროექტის განხორციელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით დედაქალაქის მერია აუქციონს აცხადებს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს დაქირავებული ჰყავდა კომპანია „კოლიერსი“, რომელთან ერთადაც შემუშავდა კონცეფცია და პროექტი.

„პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტი იქნება. ჩვენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან არა ერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იქნება და ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერი ზონალური პარკირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება, საპილოტე არეალში ავტობუსების სრული ოდენობით მიწოდების დაგვიანების გამო, პირველი ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

მისი თქმით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, იმ საპილოტე არეალში, სადაც ძალაში შევა პარკირების ახალი სისტემა, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის მოსახლეობას და მის სტუმრებს 90 ახალი ავტობუსით მოემსახურება.

„გასულ კვირას, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია. ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანი ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდის გზით. ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და გადადგმული გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები. შევიძინეთ MAN-ის მარკის 90 ავტობუსი. 50 ერთეული ავტობუსი ადგილზეა, დანარჩენი 40 კი ერთ თვეში იქნება დედაქალაქში და მგზავრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 220 ერთეულ 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე და ისინი აგვისტოს ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარკირების რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პარალელურად განვახორციელოთ, ზონალური პარკირების 1 აგვისტოდან ამოქმედების გადაწყვეტილება მივიღეთ. ზონალურ-საათობრივი პარკირება, პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება. იქამდე, მოქალაქეები შეძლებენ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა იქნება პარკირების საფასური და როგორ მოხდება მისი გადახდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზონალურ-საათობრივი პარკირების იმ გამონაკლისებზე, რომელიც დედაქალაქის მერიამ დაადგინა.

„საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ასევე, საათობრივ-ზონალური პარკირება უფასო იქნება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც გადახდის აპარატების, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივი იქნება. საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება. ასევე, სხვა არეალების დამუშავების მიზნით, პროცესს მერიის შესაბამისი სამსახურები დააკვირდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ 31 მაისს, თბილისის მერია რიგით მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ გამართავს, რომელსაც, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები დაესწრებიან.

მისი თქმით, წლევანდელი დღის წესრიგი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ურბანული განვითარების თემატიკაზე, ასევე, იმ თანამედროვე ტენდენციებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება მსოფლიოს წამყვან ქალაქებში.

„ამ თემებზე მსჯელობის მიზნით, გვინდა, თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, რომელზეც საუბარი იქნება ძირითადად, ურბანულ გამოწვევებზე, თუ როგორ შეებრძოლნენ განვითარებული ქვეყნები და ქალაქები ამ პრობლემას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი“,- განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ფორუმზე მსჯელობა იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე და მისი წარმატების ფაქტორებზე, ქალაქის კეთილდღეობისთვის საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

ამასთან, დედაქალაქის მერმა 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ ღონსიძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება. ასევე, დაგეგმილია გამგეობების სხვადასხვა აქტივობა.

„ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ თბილისში, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება, სადაც 12:00-დან 18:00 საათის ჩათვლით, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. მინდა მივმართო მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, მოიყვანოთ შვილები, შვილიშვილები და ერთად გავერთოთ.

გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, 13:00-19:00 საათამდე, გაიმართება სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. ასევე, თბილისის ყველა რაიონში გამგეობები სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავენ. ეს ერთი დღე ბავშვებს ვაჩუქოთ და გავულამაზოთ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ისიამოვნონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები