Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
26 ივნისი, 2019

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოსს ეკისრება, რომელმაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ პირდაპირ მოუწოდა.

„რუსთაველის გამზირზე ემოციურად ძალიან მძიმე მოვლენებს ჰქონდა ადგილი. სამწუხაროა, რომ კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან ცუდი ფორმებით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა. სამწუხაროა ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც პარალმენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს ეკისრება და ეს კარგად გვაქვს გააზრებული. რეაგირება მყისიერი იყო - პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თანამდებობა დატოვა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმ საღამოს. ემოციურად ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ისაუბრო იმიტომ, რომ მძიმეა სურათი, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ეკისრებათ, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პირდაპირ მოუწოდებდნენ პარლამენტში შევარდნისკენ. ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ფაქტებსაც და ყველა, შესაბამისად აგებს პასუხს.

„ჩვენ ასევე, ვნახეთ ცალკეული ეპიზოდები ძალის გადამეტების და ამაზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს მოკვლევა. პროკურატურაშიც მიმდინარეობს მოკვლევა კონკრეტულ ფაქტებზე და ყველა აგებს პასუხს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოდ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას, სახელმწიფო გადატრიალებას და დამხობას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ასევე დაისჯება ყველა, ვინც ძალას გადაამეტა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ტურისტულ მიმართულებაზე და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, საქართველოში მყოფ არცერთ ტურისტს და მათ შორის, რუს ტურისტსაც პრობლემა არ შეექმნება და მათი უსაფრთხოება იქნება დაცული.

„ჩემი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვიხაროდა, ბოლო წლების განმავლობაში როგორი სტატისტიკაც იყო ტურისტული ზრდის მიმართულებით. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ფაქტი, რომ ტურისტების მიმოსვლა შეიზღუდოს, სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ეკონომიკაზე აისახება. ძალიან მარტივია გადავხედოთ მონაცემებს - ბოლო წლებში რამდენი სასტუმრო, კაფე-ბარი გაიხსნა, როგორ განვითარდა ჰოსტელები. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავალია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც რუსეთის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას აუკრძალავდნენ, ძალიან ცუდია.

ქართველებს ეროვნული ნიშნით არანაირი ფობია არ გააჩნიათ და ამის დასტური ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციაა, რითაც ვამაყობთ. ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას პრობლემა რუსეთში და ამავდროულად, არც რუს ტურისტს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას საქართველოში. როგორც ყველა ტურისტის, ასევე რუსების უსაფრთხოება დაცული იქნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი შესაძლებლობები, ულამაზესი ადგილები მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. გვაქვს ყველანაირი პირობა - მთა, ზღვა, სტუმართმოყვარეობა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოთი დაინტერესდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მართლაც დიდი სამუშაო გაწიეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი ჩვენი მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თითოეულ წევრს მინდა, უდიდესი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო. ისინი 24 საათის განმავლობაში, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავენ, რაც რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მინდა, აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, 20-21 ივნისის აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა ასევე, პირადად გადაუხადა მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ, გამოჯანმრთელება უსურვა.

„დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები და მე მაქვს საშუალება მათ პირადად ვუთხრა მადლობა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისთვის. სამწუხაროდ, არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა, მათ გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ტაქსების მიმდინარე რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ. ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდე უნდა განახორციელონ.

„მინდა, შევეხო რეფორმას, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება - ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა შევახსენო ყველას, რომ მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერების მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე, კომპანიას ვაუჩერის ასაღებად, 10 აგვისტომდე უნდა მიაკითხონ. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციოელება, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს, როგორც ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ. ტაქსის მძღოლებმა QR-კოდის მისაღებად, საქართველოს ბანკის ფილიალებს უნდა მიმართონ და ის ავტომანქანის ინტერიერში განათავსონ.

„ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა და კომუნიკაცია გვქონდა, რომლის დროსაც სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა - ეს იყო ბანკებთან ურთიერთობა, რადგანაც ისინი სესხის აღებას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად, შეიქმნა სპეციალური პროდუქტი, რომლის შესახებაც საქართველოს ბანკმა მოქალაქეებს უკვე აცნობა. კონკრეტული საბანკო პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR-კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისის ამოქმედებით, მთავარი დისკომფორტი, რომელიც ტაქსის მძღოლს ხურდის თვალსაზრისით ექმნებოდა, მოიხსნება.

„აღნიშნული გზით გადახდილი მომსახურების თითოეული საფასური ტაქსის მძღოლის დადასტურებული შემოსავალი იქნება, რომლითაც ნებართვის მფლობელ მძღოლს შეეძლება, საბანკო ისტორია შექმნას, კრედიტუნარიანი გახდეს და ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოს. მინდა, ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ტაქსის მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემა იყო და ვფიქრობ, მსგავსი პროდუქტების შექმნა, რეფორმის სწრაფად განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება.

მისი თქმით, სამუშაოების გაჭიანურება ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის არაჯეროვანმა მუშაობამ გამოიწვია, თუმცა აღნიშნული კომპანია ჩანაცვლდა და რეაბილიტაციის პროცესს ახალი კომპანია უძღვება.

„იცით, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, დათხოვნილ იქნა, რადგან დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულდებდა. სამწუხაროდ, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ვერ ასრულებენ სამუშაოებს, რასაც ძალიან დიდი ნეგატივი და საზოგადოების მხრიდან გულისწყრომა მოყვება. ეს ზუსტად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველა გვადანაშაულებს ჩვენ. მოსახლეობას არ აინტერესებს, ეს კონტრაქტორის ბრალია, ის ვერ ასრულებს მოვალეობას თუ არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად მუშაობს. საზოგადოებას ამას ვერც აუხსნი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, კომპანიებმა ნორმალურად იმუშაონ. მესმის, რომ რთულია, რადგან ეს ყველაფერი ხდება ტენდერის მეშვეობით, თუმცა მუშაობის დროს საჭიროა მეტი ყურადღება. ასეთივე პრობლემა გვქონდა გლდანში, პარკის მშენებლობის დროს, იქაც ანალოგიური დამოკიდებულება იყო - ვერ ასრულებდა კომპანია სამუშაოებს და ისიც დავითხოვეთ. ასევე, ბუშის ქუჩაზე სამუშაოების დროს, მაგრამ ეს ჩვენ გვაზიანებს. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც თავიდანვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ჯობს, ჩაიშალოს ტენდერი და დრო დაიკარგოს ახალი ტენდერის გამოცხადებაში, ვიდრე ასეთმა კომპანიებმა გვაწვალოს, აწვალოს ხალხი და ამან დისკომფორტი და გაღიზიანება გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალ კონტრაქტორს მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად, სამ კვირაზე ცოტა ნაკლები დაჭირდება და ბაღი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება.

„ბაღის ღობეზე ერთმა ადამიანმა დააწერა, მრგვალი ბაღი წერეთელზე გადავიდაო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, თუმცა როდესაც სამუშაოები დასრულდება, ის ისეთი ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, შეიძლება, მართლაც ვერ ვიცნოთ. ასე რომ, მრგვალი ბაღი არსად გადადის, ის ვაკეშია და სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, დაზარალებული მოქალაქეებისთვის ფართების გადაცემაა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართები დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 13 ოჯახს გადაეცემა.

თბილისის მერის თქმით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „არქიმედ ჰაუსი“ გადასცემს.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის სიახლე გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. 3 000-მდე ოჯახი, სახელმწიფოს აღიარებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ბინები, რომელიც მათ ეკუთვნით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა შემუშავებული და ის კრიტერიუმებიც, თუ როგორ უნდა იყოს განსაზღვრული ბინის მიმღებთა რიგითობა. მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ბინების გaდაცემა პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავარია, რომ მსგავსი პრობლემის მქონე არცერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. მიდგომა ძალიან მარტივი გვაქვს - სხვადასხვა რაიონში გამოყოფილი გვაქვს მიწები, სადაც ვაცხადებთ ტენდერს. გამარჯვებული ხდება ის კომპანია, ვინც უფრო მეტი ბინის ფართს შემოგვთავაზებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ბინების დარეგისტრირების პროექტთან დაკავშირებით არსებულ სიახლეზეც ისაუბრა.

„იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კონკრეტულ მისამართზე და გარკვეული პრობლემების, შესაძლებელია, ბიუროკრატიული ბარიერების გამოც, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მათ თბილისის მერია ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიღმის მასივში, VI კვარტალში, N19 კორპუსში მცხოვრებ სამ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა. აღნიშნულ მისამართზე ეს ოჯახები 30 წელია ცხოვრობენ. ასევე, საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა თემქის IV მიკრორაიონში, N5 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს. აბრამიშვილები აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ვულოცავ ყველა მათგანს ბინების დაკანონებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18–მდე წლამდე ზრდის. დღეისთვის, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი 2–დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს უფინანსდებათ.

„ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულის შედეგად, თბილისის მერიის დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც მიიღებენ. ჩვენ ეს ცვლილებები დარგის სპეციალისტებთან ერთად განვახორციელეთ. მათთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ერთი ბავშვის დასაფინანსებლად, თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარია. პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, 12–დან 18 წლამდე მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში, მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვის მშობლის ან მეურვის ჩართვაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების მიზანია, მშობლის კონსულტირება, სახლის პირობებში ბავშვის დამოუკიდებელი სწავლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრები დაიწყება. კახა კალაძემ სანიტარიული ჭრების შესახებ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს და აღნიშნული ჭრები გადაუდებელი აუცილებლობაა.

„საზოგადოება უკვე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ, დედაქალაქში ძალიან ბევრი დაავადებული ფიჭვია. ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მავნებელი გადამდებია. რა თქმა უნდა, გამხმარი ხეების მოჭრა აუცილებელია. ამავდროულად, ხდება მათი ჩანაცვლება. საგაზაფხულო რგვები უკვე განვახორციელეთ და ანალოგიურად, შემოდგომაზეც ვაპირებთ, რომ მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დავრგოთ. უახლოეს დღეებში, კონკრეტულ ლოკაციებზე, ქუჩებზე იწყება გამხმარი ფიჭვების ჭრის სამუშაოები. საზოგადოება წინასწარ მინდა გავაფრთხილო, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს. ხშირი იყო ამ თემით მანიპულირება, მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ თითქოს, სხვადასხვა მშენებლობის გამო, ჯანსაღი ხეები იჭრებოდა. მგონი, ამ კონტექსტიდან გამოვედით და ყველა ხედავს ჩვენს მიდგომას, როგორია ჩვენი მწვანე პოლიტიკა, ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, ქალაქის ეკოლოგიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სანიტარიული ჭრების სამუშაოებს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ.

„აღნიშნულ სამუშაოებს ჩვენი სამსახურები ჩაატარებენ, „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ დაზიანებული ფიჭვები განადგურდეს, რადგანაც დაავადება გადამდებია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრის პროცესი უკვე დაწყებულია. სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0