Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 დედაქალაქში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
4 სექტემბერი, 2019

დედაქალაქში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძე პირველ რიგში, ქვეყანაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა, გამოვეხმაურო სამთავრობო ცვლილებებს და ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც: დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი მართლაც განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. მე ყოველთვის მითქვამს: ერთობა, ერთად დგომა და გუნდურობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ღირსეულად დავუდგეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, ასევე, წარმატება უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, წარმატებები ვუსურვო მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, ერთიანი ძალისხმევით და თანამშრომლობით შევძლებთ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ დედაქალაქისთვის. ამას ჭირდება ბევრი მუშაობა, ძლიერი ზურგი ცენტრალური ხელისუფლების სახით, რომ შესაძლებელი იყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო დიდი ტრანსფერის გაკეთება, რომ მოვაგვაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას ერთმანეთთან დააკავშირებს.

„ვიწყებთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს. იცით, რომ უკვე დაწყებულია ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა. ეს ახალი კვანძი ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილია, ხოლო მესამე იქნება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე გადამსვლელი ხიდი სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება. ამ პროექტზეც მიმდინარეობს მუშაობა. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერს ვაცხადებთ და შემსრულებელ კომპანიას შევარჩევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, უახლოეს დღეებში, ტენდერს ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენადაც გამოაცხადებს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე შევიძინეთ 90 ერთეული MAN-ის ტიპის ავტობუსი. მათგან 40 ერთეული მოწოდებულია და თბილისის მოსახლეობა სარგებლობს. ველოდებით დარჩენილი 50 ერთეულს, რომელიც ივლისში უნდა შემოსულიყო, თუმცა კომპანიას დამზადებასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამ ავტობუსებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და კომპანიას გარკვეული შეფერხებები აქვს. ძალიან მალე მოგვაწოდებენ და თბილისის მოსახლეობას ექნება საშუალება, ამ ავტობუსებით ისარგებლოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, უკვე შესყიდულია რვამეტრიანი, ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსი, რომელთა მოწოდება უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ყველგან არის სპეციალური საავტობუსო ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში საცობების გარეშე, შეუფერხებლად გადაადგილდებოდეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაა, რომელიც ამჯერად, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

„დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. საპილოტე პროექტი კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე განვახორციელეთ და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ არეალს ვზრდით და გადავდივართ ორბელიანის მოედანზე, სადაც საინფორმაციო ჯიხურიც განთავსდება და ჩვენი თანამშრომლები მოსახლეობას ყველანაირად დაეხმარებიან. ადგილობრივებისთვის პარკირება უფასოა, ხოლო სხვა დანარჩენისთვის შესაბამისი ტარიფი იმოქმედებს. საერთო ჯამში, ყველა პროექტი, რასაც ვახორციელებთ - ზონალურ-საათობრივი პარკირება, მეტროს განახლება, ავტობუსების განახლება, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა - მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში საცობების პრობლემა აღმოიფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იქნება.

„არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ არსებულ 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა. ქონების მართვის სააგენტოში ორი კომპანიის განაცხადი შემოვიდა. აღნიშნულმა კომპანიამ კი დაზარალებულებისთვის გადასაცემად 9 200 კვ. მეტრის ოდენობის ფართი შემოგვთავაზა. დაზარალებულებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა თავიანთი სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც ფართების გადაცემის რიგითობა განისაზღვრება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჯერად, ფართები საკუთრებაში 59 ოჯახს გადაეცემა.

„იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ - 30, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ - 23, ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც კახა კალაძემ ისაუბრა, მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრობაა, რომელსაც თბილისი შეუერთდა.

„მინდა, ქალაქისთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საინტერესო სიახლე გაგიზიაროთ. ჰელსინკში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონიერი ტურიზმი - ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, სადაც თბილისი უკვე ოფიციალურად წარადგინეს მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის ახალ წევრად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემია, თუ რამდენად იზრდება სასტუმროების, ჰოსტელებისა და კაფე-ბარების რაოდენობა. ასევე, იხსნება სპეციალური სააგენტოები, რომლებიც მომსახურებას უწევენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, აცნობენ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. მიხარია, რომ ჩვენ ამ ასოციაციის წევრი გავხდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყველა იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყნის დედაქალაქს ასოციაციის წევრობა მოუტანს.

„ესაა მის წევრ ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა ინდუსტრიულ ასოციაციებთან ახალი კავშირების დამყარება, თემატური და ბიზნესშეხვედრები, ტურისტული პროდუქტებისა და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა და ა.შ. ამდენად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, მისი ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ გვაქვს უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო და რაც ყველაზე მთავარია, ვართ სტუმართმოყვარე ხალხი და ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, შემდეგ აუცილებლად ბრუნდება თბილისში უკვე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. სწორედ ამიტომ ტურიზმს სჭირდება დიდი მხარდაჭერა. ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსი ტურისტები კატეგორიულად მიუღებელია. საბედნიეროდ, ამ აზრს აჟღერებს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენ მზად ვართ, ყველა ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტები ისე, რომ მათი უსაფრთხოება ქალაქსა თუ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ახლადგახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია. თბილისის მერმა აღნიშნული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა.

„გული მწყდება, რადგან, ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ და ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ისეთივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აზიანებს, საკუთარ სახლშიც იგივენაირად იქცეოდეს და ავეჯს ამტვრევდეს. ეს საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები, სკვერები ხომ კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს ესიამოვნოს იქ ჩასვლა, ბავშვის ჩაყვანა, დაისვენოს კომფორტულ გარემოში. თუ ეს დავამტვრიეთ და დავაზიანეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უსაფრთხოების სამსახურს და მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მაქსიმალურად გაამკაცრონ ზომები, დაამატონ უსაფრთხოების კამერები და გამოყონ თანამშრომლები, რომლებიც დროებით პატრულირებას განახორციელებენ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილე მაია ბითაძეს გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და გამწვანება დაავალა. მისი თქმით, მემორიალთან ტროტუარი უკვე ეწყობა. სამომავლოდ კი, ტერიტორიაზე არსებული ნარგავები და მწვანე საფარი განახლდება.

„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გმირთა მოედანთან არსებული მემორიალის ირგვლივ განვახორციელოთ სამუშაოები, რადგან მცენარეები დაზიანებულია. მემორიალთან უკვე დავიწყეთ ტროტუარის მოწყობა და რადგან ამ პროექტს ვახორციელებთ, ამ კონკრეტული ადგილის გაკეთილშობილება, მცენარეების ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გმირებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. ამ ყველაფერს შესაბამისი დაფასება, ამ კონკრეტულ ადგილს კი მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ შესაბამისი სამუშაოები და ტერიტორიის მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების თემასაც შეეხო და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ განაცხადების მიღების ვადა 14 სექტემბრამდეა.

„ძალიან მალე თბილისობა იქნება. თბილისობის დღესასწაული, ტრადიციულად, 7 ოქტომბერს გაიმართება. ყოველ თბილისობას, თბილისის მერია წარადგენს საპატიო თბილისელებს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადები 14 სექტემბრამდე წარმოადგინონ. იქამდე თქვენ შეგიძლიათ, წარმოადგინოთ ესა თუ ის დამსახურებული ადამიანი იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ, ტრადიციულად დავასახელოთ ის რჩეული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თბილისის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე, დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა სამხარაძე წარადგინა.

„რამდენიმე თვეა, სამგორის რაიონი გამგებლის კანდიდატურის გარეშე იყო. შესაბამისად, მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას და კერძოდ, სამგორის რაიონში მცხოვრებლებს წარვუდგინო მათი ახალი გამგებლობის კანდიდატი - კახა სამხარაძე. ის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იყო ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში და აქვს თვითმმართველობაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ სამგორის რაიონში გვაქვს დაგეგმილი, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა გამგებლობის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და გამგეობების ყველა თანამშრომელს ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კახა სამხარაძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ მის კანდიდატურას საკრებულოში გადავგზავნით დასამტკიცებლად და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება. შემდეგ უკვე შევუდგებით საქმიანობის იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც სამგორის მოსახლეობას აწუხებს, შევძლოთ და ღირსეულად განხორციელებული პროექტებით, გაკეთებული საქმეებით ვუპასუხოთ. პრობლემები არსებობს და ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0