Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 დედაქალაქის მთავრობის სხდომა
25 სექტემბერი, 2019

დედაქალაქის მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიაში მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. შესაბამის დოკუმენტს დანიური კომპანია „რამბოლი“ მოამზადებს.

„უცხოელ ექსპერტებთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. ანუ ეს არის ტრანსპორტის გენერალური გეგმა. მისი შემუშავებისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, რომელიც ამ დოკუმენტზე მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით იმუშავებს. თვითონ ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ურბანული მობილობის გეგმა 15 წელზე იქნება გაწერილი და ხელს შეუწყობს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტის სწორად გადანაწილებას.

„ურბანული მობილობის გეგმა იქნება 15-წლიანი, დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს: საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე, ქვეითთა გადაადგილებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება. ამა თუ იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, კონკრეტული ქუჩისთვის ისეთ პროექტს ვაკეთებთ, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, ველობილიკები, ტროტუარების მოწყობა-მოწესრიგება. აღნიშნული დოკუმენტი კი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში მთელი თბილისის გეგმა გაიწერება და ინდივიდუალურად კონკრეტული ქუჩების დაგეგმვა არ მოგვიწევს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუშაობა დედაქალაქში შუქნიშნების მოწესრიგებასა და ახალი სისტემის დანერგვაზე.

„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“, რომელიც ასევე ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, თუმცა ამ ორ კომპანიას შორის განსხვავება არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტების დაგეგმვას ითვალისწინებს, „რამბოლი“ კი სტრატეგიულ დოკუმენტზე იმუშავებს და ქალაქში მოძრავ ყველა ტრანსპორტს მოიცავს. აღნიშნულ სამუშაოებს, დაახლოებით, 11 თვე დასჭირდება და შემდეგ სრული დოკუმენტი გვექნება.

გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ქალაქში შუქნიშნების მოწესრიგება მოხდეს. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც ერთმანეთს უყურებს და ქალაქის ერთ მონაკვეთში თუ საცობია, ისე მუშაობს, რომ გამტარუნარიანობა უფრო გააადვილოს. ჩვენც გვინდა ანალოგიური მიდგომები გადმოვიტანოთ. ამაზე ჩემი მოადგილე მაია ბითაძე დიდი ხანია მუშაობს, უახლოეს მომავალში პროგრამების სახით გვექნება შესყიდული და ვფიქრობ, ეს ჩვენს ქალაქს ძალიან წაადგება. რასაც ვაკეთებთ - სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, შუქნიშნების მოწესრიგება და ახალი სისტემის შექმნა - ერთიანობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, გადავჭრათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, განახლდა სანიაღვრე ქსელი. გაზის მილები კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ შეცვალა.

რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარი და ბორდიური, 1,2 კმ სიგრძეზე დაიგო ასფალტის საფარი. გარდა ამისა, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED სანათები. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის წელსვე დასრულების შესახებ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩატარდა გამოკითხვა და ვაკის რაიონის გამგებლის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას კითხეს, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, პროექტის მომავალ წელს გაგრძელების შესახებ.

„მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვი, რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა. ვკითხეთ საზოგადოებას, თუ რას ფიქრობენ პროექტის სამუშაოების მომავალ წელს გაგრძელებასთან დაკავშირებით. „ფეისბუქით“ გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სამუშაოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ხელმძღვანელობით, აზრი ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხეთ. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოების გაგრძელების მომხრეა. ჩვენს გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები. ვფიქრობ, რომ სწორია სამუშაოების გაგრძელება და მოსახლეობას ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე ქვედა ფენებში გზა 15 ოქტომბრისთვის მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპის სამუშაოები ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

„ვინც გადაადგილდება ამ ქუჩაზე, ხედავს, თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. ოქტომბრის ბოლოსთვის თაქთაქიშვილის ქუჩამდე, პირველ ფენაში, გზა იქნება მოწყობილი. ჩვენ სამუშაოებს გავაგრძელებთ, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. ანალოგიურად, ვაკის პარკამდე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა იმ ორ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით დარღვევა აქვს, ბოლო გაფრთხილება მისცა.

როგორც მან აღნიშნა, პირველი პრობლემა გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოების დროს ფიქსირდება.

„არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი - ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე მუშაობს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ თუ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძიება. ჩვენ როცა მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, გვაჩვენებენ, რომ ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი, გამოვდივართ და სამი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე და სიტუაციას კიდევ ერთხელ გავეცნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მეორე პრობლემურ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანალოგიური მდგომარეობა ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის) ფიქსირდება.

კახა კალაძემ ამ შემთხვევაში, სამუშაოების მონიტორინგი მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.

„აქაც ბოლო გაფრთხილებას ვიძლევი. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებსაც ვეუბნები, ვინც უშუალოდ კურირებს საკითხს - მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, თუ როგორ მიდის სამუშაოები. ორი-სამი დღის განმავლობაში, პარკში არცერთი ადამიანი არ მუშაობს, მიგდებული და მიყრილია ყველაფერი, ტექნიკა არ მუშაობს. კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ სამუშაოების დამთავრება ადრეა შესაძლებელი, გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი. როცა ხალხი ხედავს, რომ გადათხრილია ყველაფერი და არავინ მუშაობს, მტკივნეულად აღიქვამს და მართალიცაა. ამის შემდეგ, ჩვენს მიმართ კითხვის ნიშნები უჩნდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მოადგილეებს ორივე კომპანიასთან დროული კომუნიკაციის დაწყება და გაფრთხილება დაავალა.

„ერთი დღე, როგორც კი შეჩერდება მუშაობა, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. დავიღალე. 24 საათის განმავლობაში გვიწევს მონიტორინგი, თავზე ვადგავართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტი არ არსებობს, უბრალოდ, მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. საზოგადოებას არ აინტერესებს, ეს კონტრაქტორის ბრალია თუ ვინმე სხვის. პასუხისმგებელი არის დედაქალაქის მერია. შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზია. დღესვე დაიბარეთ ორივე კომპანია, ვისზეც ვსაუბრობდი და ბოლო გაფრთხილება მიეცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო. კერძოდ, აღინიშნა, რომ 11 ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები დაუკანონდება: გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს; ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს; დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს; ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს; კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს; წყნეთის გზატკეცილის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს; ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს.

აქვე, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ აღმაშენებლის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს დააკმაყოფილებს.

„ინტერესთა გამოხატვაში გვყავს გამარჯვებული, რომელმაც 10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზე უნდა აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები და 65 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ჯამში 4400 კვ. მ ფართი გადაეცემათ დაზარალებულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა რიგითობა, ბინებით დაკმაყოფილების პროცესში, სოციალური ქულების საფუძველზე განისაზღვრება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის შედეგებიც გააცნო. კერძოდ, პირველი იანვრიდან დღემდე დაახლოებით, 1 000-ზე მეტი ოქმია შედგენილი, ხოლო ჯარიმების ჯამური ოდენობა 19 მილიონ ლარს შეადგენს.

„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმების გაზრდა სწორი იყო, თუმცა მთავარი იდეა არის ის, რომ სამშენებლო დარღვევები შემცირდეს, და არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს მუნიციპალიტეტმა. მინდა მშენებლებს მოვუწოდო, რომ სამშენებლო ობიექტებზე ყველაფერი გააკეთონ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიღწეული შედეგებისთვის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს და მის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი ადგილები სამშენებლო ნარჩენებისთვის და ეს იცის ყველა მშენებელმა, ისინი სადაც ნახავენ ცარიელ ტერიტორიას (ეს შეიძლება კერძო საკუთრებაც იყოს), მიდიან და ამ სამშენებლო ნაგავს ყრიან. ამიტომ, მინდა დაგავალოთ კანონში ცვლილებების მომზადება, რომ გაიზარდოს ჯარიმები. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმ რაოდენობის ჯარიმები, რომ ეს როგორმე შევაჩეროთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს დღე და ღამე აქვთ გაერთიანებული, დაყვებიან მანქანებს, რომ არასწორ ადგილზე არ დაიყაროს ნარჩენები, მაინც გვაქვს პრობლემები. პირველი იანვრიდან დღემდე 1000-მდე ჯარიმაა გამოწერილი ამ მიმართულებით და დაახლოებით 700 000-მდე ლარია შემოსული ბიუჯეტში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხმაურის კონტროლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიურად შემოდის მოქალაქეთა საჩივრები.

„დაახლოებით, 250 ოქმია შედგენილი წლის განმავლობაში. ცხელ ხაზზე შეტყობინებები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მატულობს ტურისტული სეზონის გამო, რადგან ღია კაფეები ინტენსიურად მუშაობენ და მოქალაქეებს ხმაური აწუხებთ. ჩვენთვისაც სიახლეა ეს მიმართულება, თუმცა აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ საკითხს დავარეგულირებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპია, რომელიც პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. უახლოეს დღეებში თბილისში A კატეგორიის ტაქსებისთვის სპეციალური ტაქსის მანათობლები ჩამოვა, რომლებიც მძღოლებს უსასყიდლოდ გადაეცემა.

„პირველი ოქტომბრიდან რეფორმები, რომლებიც ჩვენ წამოვიწყეთ, უკვე ძალაში შედის. მხედველობაში მაქვს ტაქსის რეფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. იცით, რომ შემოდის კატეგორიები. A კატეგორიის ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლით. მანათობლები წარწერით „ტაქსი - თბილისი“ მზადდება და მალე თბილისში იქნება. სპეციალური მანათობლები A კატეგორიის მძღოლებს საჩუქრად გადაეცემათ. ასევე, იცით, რომ A კატეგორიის ტაქსები უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ უფასო პარკირებით ქალაქის სხვადასხვა უბანში. იცით, რომ ჩვენ ქიმწმენდის, ასევე, გადაღებვის ან თეთრი ფერის გადაკვრისთვის, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვაუჩერები დავარიგეთ. მძღოლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეკრათ ფირები, რათა A კატეგორიაში მოხვედრილიყვნენ. დროთა განმავლობაში გვექნება რეფორმის შემდეგი ეტაპები, რომელზეც ინფორმაციას როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე მოსახლეობას მივაწოდებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს, მათ შორის, მიწისქვეშა სადგომს შეეხება.

კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საჭირო რეგისტრაცია გაიარონ.

„პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ, მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება - ერთი საათი ერთი ლარი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა სადგომსაც შეეხება.

„იცით, რომ ორბელიანის მოედანზე ჩვენ განვახორციელეთ პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, რომელიც საჩვენებელია თავისი ხარისხით, ავტომობილების რაოდენობით. ის, დაახლოებით, 180 მანქანაზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე სისტემით - სახანძრო სისტემა, სამეთვალყურეო კამერები, ანუ რაც კი მოთხოვნილია მსგავსი პროექტისთვის, ყველაფერი მაქსიმალურად გათვალისწინებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი „თბილისობა 2019“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსაც გამოეხმაურა. „თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

„წელს თბილისობის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები; ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; ორბელიანის ღია ბაზარი; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისობის ფარგლებში ჩატარდება კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის: 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“.

„6 ოქტომბერს, 20:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „მუარე“ - ესაა აკრობატების საჰაერო შოუ როკ მუსიკის თანხლებით და ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გველის წინ. გიწვევთ ყველას, თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს, დიდებსა თუ პატარებს და ვფიქრობ, ძალიან მხიარული და სასიამოვნო დღეები გველის წინ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0