Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
2 ოქტომბერი, 2019

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მთავრობის სხდომა სამძიმრით დაიწყო.

კახა კალაძემ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და კომპოზიტორის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ქართველი კომპოზიტორის, განწყობის მუსიკის დიდოსტატის, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა. ის იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი. აღიარება არის ის სიყვარული, რასაც ის ქართველი ხალხისგან იღებდა. ასევე, მთავარი აღიარება არის ის სიყვარული, რაც მისმა მუსიკამ დატოვა ადამიანებში. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან.

„მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მილიარდ 79 მილიონ ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ამ თემაზე მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან, ასევე, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან, ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე. მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო თბილისელების სახელით მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ქალაქისთვის და ეს რა თქმა უნდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება ყველასათვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე დღევანდელ სხდომაზე ტაქსების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მეორე ნაწილი ამოქმედდა, რაც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს.

„ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის. პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა რეფორმის მეორე ფაზა, რაც ნებართვის მქონე ტაქსებს A და B კატეგორიებად ყოფს. როგორც იცით, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ორჯერ უწევთ სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა. ტექდათვალიერების გავლის შემდეგ, 30%-მა ვერ მოახერხა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. დაახლოებით, 70-71% დარჩა, ვისაც ნებართვა აქვს და გაიარა ტექდათვალიერება. ამ რაოდენობის ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია უკვე გავლილი აქვს, ხოლო დანარჩენი ამ ეტაპზე გადის.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ჩვენ გამოვყავით სპეციალური ვაუჩერები, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, ან გადაღებონ ავტომობილი ან თეთრი ფირი გადააკრან, ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ასევე, ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით ესარგებლათ, რათა მათი ავტომობილი სუფთა ყოფილიყო და მგზავრს პრობლემა არ შექმნოდა. ესეც უფასო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ვაუჩერია გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ტაქსების რეფორმის ერთიანად წამოწყება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც მუნიციპალიტეტმა მისი ეტაპობრივად განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.

„პროცესი ისევ გრძელდება. ტაქსით მომსახურების გაწევა არავისთვის აგვიკრძალავს. უბრალოდ ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიისთვის ფერი არის მნიშვნელოვანი. მან უნდა გაიაროს ტექდათვალიერება. მათთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება პარკირების უფასო ადგილები. შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთ ავტომობილებზე რეკლამა განათავსონ და აქედან შემოსავალი მიიღონ. ასევე, გადასახადებისგან გათავისუფლებულნი არიან.

ამით რეფორმა არ მთავრდება და მნიშვნელოვანია ის, რომ რეფორმა გავაგრძელოთ. ამასთან დაკავშირებით, უახლოესი დღეებში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის ის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, მათთვის გადაადგილება იყოს კომფორტული, ხოლო სისუფთავე - დაცული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. ვიცით, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ და ასეთ სოციალურ ფონზე შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის ერთდროულად მიწოდება. ამას გარკვეული წლები და მომზადება სჭირდება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა ეტაპობრივად განგვეხორციელებინა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული იყო. სწრაფად გადაადგილება იყოს შესაძლებელი როგორც ავტობუსებით, მიკროავტობუსებით, ასევე, მეტროთი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ პირველი ოქტომბრიდან ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი სხვადასხვა ქუჩებზეც გავრცელდება.

მისივე თქმით, ტაქსის რეფორმა, ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაძლოა, პოპულარული ნაბიჯები არ იყოს, მაგრამ ამ რეფორმების განხორციელება დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იგი საზოგადოების დაკვეთაა.

„ძალიან ხშირად ჩვენ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან ვისმენთ წუხილს, რომ სააკაძის მოედნის მიმდებარედ არსებული ველობილიკებით არავინ სარგებლობს, ავტომობილს კი ვეღარ აჩერებენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი და აუცილებლად იქნება ველობილიკები. რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც იქნება შესაძლებელი გადაადგილება, მაგრამ პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ სხვაგავარად შეუძლებელია. სხვაგვარად საქმე არ კეთდება. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, წინ წავიდეთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება უშუალოდ ადამიანებს, მაშინვე პრობლემა ჩნდება. იწყება - რას აკეთებენ, შეუძლებელია, აზრზე არ არიან. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. არ არსებობს ისეთი რეფორმა, სადაც ყველა იქნება კმაყოფილი, მაგრამ მთავარია, ჩვენ სწორი აქცენტები გავაკეთოთ, პროექტები სწორად განვახორციელოთ. შესაძლოა, პოპულარული ნაბიჯები არ იყოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ზონალურ-საათობრივი პარკირება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს საფეხმავლო ბილიკების, ველობილიკების მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლების გამოყოფა, მაგრამ ეს აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, მოთმინებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, გავა დრო, წლები და საზოგადოება დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტების განხორციელება. ჩვენი შვილები და შვილიშვილები მადლობას გვეტყვიან იმ განხორციელებული პროექტებისთვის, რასაც ვაკეთებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით არსებული საჯარიმო სანქციების გაზრდაა. თბილისის მერის განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემებს სამშენებლო ნარჩენები ქმნის, რადგან სამშენებლო ობიექტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში, ნარჩენების განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ სწორედ ამ ადგილებზე განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მშენებარე ობიექტები არღვევენ კანონს და სხვადასხვა ადგილებში ყრიან სამშენებლო ნაგავს. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ან კერძო საკუთრება. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმა ერთ კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა კი ითვალისწინებს მის გაზრდას ფიზიკურ პირზე 1000 და იურიდიულ პირზე 3000 ლარამდე.

მისივე განმარტებით, ძველი კანონმდებლობით, ერთი კუბური მეტრი და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და ფიზიკური პირის შემთხვევაში, 500 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 1 500 ლარს - იურიდიული პირის შემთხვევაში.

თბილისის მერმა ვიცე-მერს კანონპროექტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ჯარიმების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.

„საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით, ერთიდან 10 კუბურ მეტრამდე ჯარიმა ფიზიკურ პირისთვის იქნება 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6 000 ლარი. 10-დან 50 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის - 30 000 ლარი. 50 ან 50-ზე მეტი კუბური მეტრის შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 30 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 000 ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, იმიტომ, რომ არ ყოფილა არცერთი საკითხი, რომ ჩვენ არ გვქონდეს ერთნაირი ხედვა, ერთნაირი მიდგომები, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ გუნდურობა არის უმნიშვნელოვანესი. მარტო ერთი ადამიანი, ან ერთი უწყება ვერაფერს გააკეთებს თუ არ იქნა ერთობლივი მიდგომა, ერთიანი დამოკიდებულება. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ პარლამენტის მხრიდანაც ეს განწყობა და დამოკიდებულებაა იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის წარდგენაც ჩვენი მხრიდან ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო ნარჩენების გარდა, ცვლილება შეეხება სახიფათო სამედიცინო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით არსებულ სანქციებს. კერძოდ, კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობა შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა იკრძალება.

„გვაქვს შემთხვევები, სადაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში იყრება, ეპიდემიის გავრცელების პირველწყაროა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენმა მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის დროს მსგავსი ფაქტები გამოავლინა. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაც არის და ჯარიმდებიან, თუმცა აქაც გვინდა გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ათმაგი ოდენობის ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, თუ აქამდე დარღვევი ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ის 5 000 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი აქამდე ჯარიმდებოდა 1 000 ლარით და ახლა 10 000 ლარით დაჯარიმდება.

„მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც კლინიკებთან განთავსებული ნარჩენების ურნებში სამედიცინო ნარჩენების განთავსება ხდება, რაც სერიოზული პრობლემაა. სამედიცინო ნარჩენების გადაყრას აქვს თავისი წესი და ის არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში. ამაზე შესაბამის სამსახურებს მაქსიმალური მონიტორინგი დაგვჭირდება, რათა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისთვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით, სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება.

დედაქალაქის მერმა ელექტროავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს მოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ.

„გასულ წელს ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, შეუძლია მიმართონ მუნიციპალიტეტს და ჩვენ დამტენებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავამონტაჟებთ. ქალაქი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი უნდა შემოვიდეს ქალაქში. ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით, არაერთი განაცხადი იყო და რეაგირებაც შესაბამისად ხდებოდა. პირველ ეტაპზე დამტენები იმ ადგილებზე დავამონტაჟეთ, სადაც მეტი იყო მოთხოვნა. დღეისთვის, ელექტროდამტენები დამონტაჟებულია ვაკეში - აბაშიძის ქუჩაზე; გლდანში - მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში - ნონეშვილის ქუჩაზე; ავლაბარში - წინანდლის ქუჩაზე (მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ); დიდ დიღომში - თავდადებულის ქუჩის ორ მისამართზე; ვაკეში - თაქთაქიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ტიპის ავტომობილებისთვის პარკირება უფასოა. ტრანსპორტი, მშენებლობა გავლენას ახდენს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ამ ყველაფრის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. ამდენად, ვისაც ელექტრომობილები გყავთ, იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ უფასოდ დავამონტაჟებთ მათ თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხს დღევანდელ სხდომაზეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად კიდევ ექვს ოჯახს გადასცემს.

„თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ექვს ოჯახსაც მინდა მივულოცო. მათგან ოთხი ცხოვრობს საინგილოს ქუჩის N55-ში, ერთი ოჯახი - ღოღობერიძის N47-ში, ხოლო ერთი ოჯახი მესამე მასივის მერვე კვარტალში, მე-12 კორპუსში. ამ პროექტს ჩვენ ვაგრძელებთ და დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათ უნდა მიმართონ გამგეობებს და გამგეობები მზად არიან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0