Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომა
9 ოქტომბერი, 2019

თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, 60 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი, რომლის პრეზენტაცია დღეს შედგა, დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება.

„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. შესაბამისად, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ შევისყიდეთ 90 ერთეული „მანის“ მარკის, დიზელზე მომუშავე, ევრო 6 ტიპის ავტობუსი. აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ემსახურება თბილისის მოსახლეობას, დანარჩენი თვის ბოლომდე უნდა ჩამოვიდეს, რის შემდეგაც გადანაწილდება სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე. ასევე, ჩვენ შევიძინეთ 220 8-მეტრიანი ავტობუსი, რომლის პრეზენტაცია დღეს შედგა. 60 ავტობუსი ქალაქშია და ხვალიდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. დარჩენილი რაოდენობა წლის ბოლომდე უნდა ჩამოვიდეს და ეს ავტობუსებიც შესაბამის ხაზებზე გადანაწილდება.

გარდა ამისა, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, ასევე, 110 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსზე. უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული და მოგაწვდით ინფორმაციას. ასევე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ტენდერის გამოცხადებას 90 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის მეტროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მომდევნო წლის ივლისში იქნება დასრულებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. დაანონსებული გვაქვს, რომ ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ასევე, მეტროში არსებული მდგომარეობა გამოსასწორებელია. აქაც გვაქვს კონკრეტული მიღწევები.

კიდევ ერთხელ, ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მეტროთი მგზავრობს. თქვენ იცით, რომ თბილისის მეტრო ერთი საათით ადრე წყვეტს მუშაობას, რადგან იქ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები. რაც მეტრო გაიხსნა და ფუნქციონირებს, მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, უსაფრთხოება გარანტირებული იყოს და თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი პრობლემები. ამიტომ, დავიწყეთ ძალოვანი კაბელების შეცვლა. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი მთელ მეტროში და სწორედ ამ სამუშაოების გამო გვიწევს, რომ მეტრომ ერთი საათით ადრე დაასრულოს მუშაობა. სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მომდევნო წლის ზაფხულში, ივლისში იქნება დასრულებული. გარდა ძალოვანი კაბელებისა, გამნიავებელი აგრეგატების მთლიანად შეცვლა მიმდინარეობს. მონტაჟდება ახალი, თანამედროვე აგრეგატები, რაც საერთაშორისო, ევროპულ ბაზარზეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ტაქსების რეფორმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და იგეგმება მესამე ეტაპიც.

„არ შემიძლია დღეს არ ვისაუბრო ტაქსებზე და მოსახლეობას არ მივაწოდო ის შესანიშნავი შედეგები, რომელიც ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში მივიღეთ. ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის. ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად საზოგადოებაში. კარგია, რომ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნებართვის მფლობელ ტაქსის მძღოლებთან და ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში.

როგორც იცით, არსებობს ტაქსის ორი კატეგორია - A და B. დღეის მდგომარეობით, A კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო B-ში - 8800. ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რაც შეეხება მესამე ეტაპს, რა მოთხოვნები იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა, რომ რეფორმისთვის მოემზადონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმა ხელს შეუწყობს ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას.

„ჩვენ აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ვიზუალურ სტანდარტს. იცით, რომ ორივე კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს აქვთ ვალდებულება, რომ წლის განმავლობაში ორჯერ გაიარონ ტექნიკური დათვალიერება. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებმა ვერ შეძლეს შემოწმების იმ მოთხოვნებში ჩაჯდომა, რაც კანონშია გაწერილია. დაახლოებით, ასეთი იყო 30%. ვიზუალური სტანდარტის შექმნა და მასთან შესაბამისობაში ავტომანქანების მოყვანა მოვახერხეთ ისე, რომ ეს ფინანსურ ტვირთად არ დასწოლია ტაქსის მფლობელებს. ჩვენ შევქმენით უფასო ვაუჩერული სისტემა და ამ სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნებართვა, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, ეს იქნება მათთვის ღირებული და ვფიქრობ, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოწესრიგებას ქალაქში.

ასევე, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჯერ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც პროექტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. ეტაპობრივად, ცენტრალურ უბნებშიც გადავალთ და ანალოგიურ მიდგომებს იქაც შემოვიღებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს.

„მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მადლობა გადავუხადო. ის პირადად იყო ჩართული პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ დოკუმენტაცია მივიღეთ. სხვათაშორის, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტებიც დაგვეხმარნენ რეფორმის განხორციელებაში და მათაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის ზღვის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების აღმოჩენის მიზნით, მუნიციპალურ ინსპექციას, დღეს, შესაბამისი ტექნიკის შეყვანაც დაავალა.

„თუ თქვენ ვიზუალურად არ გეძლევათ საშუალება, ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ ტექნიკა და დაიწყეთ სამუშაოები, რომ მოიძებნოს ეს კონკრეტული დაერთებები. თბილისის ზღვის ირგვლივ დასახლებებიც არის და ნახეთ, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული, ხოლო თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პრობლემის დეტალები თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემაც განმარტა და განაცხადა, რომ სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, უსაფრთხოა.

„სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, მუდმივად კონტროლდება. GWP იღებს სინჯებს და მოწმდება ლაბორატორიულად. მას არანაირი პრობლემა არ აქვს და ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. სამწუხაროდ, გვაქვს ფაქტები, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებებისა, რაც ხილული არ არის და საკმაოდ რთულია დასადგენად. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა, თუმცა ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები. თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული. დღეს უკვე გამოვლინდა ერთი უკანონო დაერთება და რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, თვითონ დარღვევის მყისიერად აღმოფხვრა მოხდება, ხოლო სამართლებრივად საკმაოდ მძიმე წარმოება დაიწყება დამრღვევების მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერია ფეხბურთის სპორტული ცენტრის - ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს იწყებს.

მერის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაცია 15 ნოემბრიდან დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება კი ნახევარი მილიონი ლარია.

„ჩვენ ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის - ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მუშთაიდის ბაღში მდებარეობს. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ცენტრით. იქ არის საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი. მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ. განახლდება საფეხბურთო მოედანი, საცურაო აუზი, მოეწყობა საშხაპეები და გასახდელი ოთახები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ქალაქში მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია გამგეობებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა რაიონში რაც შეიძლება მეტი სპორტული ობიექტი გაჩნდეს.

„ეს შეიძლება იყოს საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ თავის რაიონში იყოს ასეთი ობიექტები. გარდა ამისა, ჩვენ მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ძალიან მალე ორ კონკრეტულ რაიონში წამოვიწყებთ. კერძოდ, დიდ დიღომსა და ვარკეთილში. გვსურს, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იყოს ყველა რაიონში - მოეწყოს მულტიფუნქციური კომპლექსები, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო, სატრენაჟორო, ჭიდაობის დარბაზები, ასევე, ბიბლიოთეკა კაფე იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, თუ რომელი კომპანია შეასრულებს ამ პროექტებს.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0