Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
19 ნოემბერი, 2019

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და პირველ რიგში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაკავებული ექიმი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ის. თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერი მომავალ კვირას კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება. მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მუშაობა და საკითხი იმ ეტაპზეა მისული, როდესაც სამშენებლო კომპანიების ჩართულობაა საჭირო.

„ეს პრობლემა 6 000 ოჯახს ეხება. ჩვენ მომავალ კვირას ვგეგმავთ შეხვედრას მშენებლებთან. გვსურს წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს. მივცეთ დაზარალებულებს შესაძლებლობა, რომ თავიანთი ფართები დაიბრუნონ, რაშიც მათ თანხები აქვთ გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში გაურკვევლობაში იმყოფებიან, მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სამშენებლო კომპანია გამოგვეხმაურება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა, რათა ეს პროექტები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მოაგვარა კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემაც და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

„ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელზეც ნარჩენები წლების განმავლობაში იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. უკვე შემუშავებულია კონცეფცია. მე ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მისი უშუალო ჩართულობით, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ამ კონცეფციის ჩამოყალიბება მოხდა. რამდენიმე დღეში კი ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება-სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.

„როგორც გითხარით, არსებული ტერიტორიის ნაწილი დაიხურა. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის, ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. გაზი რაც გამოიყოფა, მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს იქნება დაახლოებით, ორწლიანი პროექტი და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით თავს გავართმევთ გამოწვევას და პროექტს დროულად განვახორციელებთ. ის პრობლემა, რომელიც ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რაც შეიძლება მალე იქნება მოგვარებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთ პროექტზე იმუშაოს. კერძოდ, გაზის შეკრების მოწყობის შემდეგ, მისი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოების დაწყება მოხდეს. ასევე, აღნიშნულ პროექტში ბიზნესსექტორი ჩაერთოს.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც გაზის შეკრება ხდება, შემდეგ მის გადამუშავებას და ელექტროენერგიის წარმოებას ახდენენ. ვფიქრობ, ეს ბიზნესსექტორისთვის ძალიან საინტერესო იქნება და აქტიური კომუნიკაციით შეგვიძლია პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩავრთოთ ბიზნესსექტორი იმისთვის, რომ შეკრებილი გაზისგან ელექტროენერგიის წარმოება მოხდეს. ამას გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, ახლადრეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლოს და ქსელზე უკანონო დაერთების პრობლემა დროულად მოგვარდეს.

„ძალიან სამწუხაროა და მიჭირს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ. როდესაც სამუშაოებს ვამთავრებთ, შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაკვირვებას ვახორციელებთ ქსელზე, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული. არსებობს სპეციალური მანქანა - რობოტი, რომელიც შედის მილში და პირდაპირ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა მილებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა. კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები, რომელიც რამდენიმე თვის წინ განთავსდა, დაზიანებულია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. შეურაცხმყოფელია ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში კანდელაკის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის მოწესრიგებას დაიწყებს.

„არ ვიცი ეს ვის მიერ არის გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ კონკრეტული ადგილის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ, იმასაც, თუ ვის მიერ იქნა დაზიანებული. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეს ქუჩა ყველასია და შესაბამისად, უფრო მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება ახლადგანხორციელებული პროექტების მიმართ. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს და მოგვარდეს ეს პრობლემა და პარალელურად გამოვლინდეს, ვის მიერ იქნა ჩადენილი ეს უმსგავსობა“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ტაქსების რეფორმაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა და განაცხადა, რომ ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე, პირველი ნოემბრიდან დღემდე, 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა. მისივე თქმით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით, ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია.

„ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და პირველი ეტაპისგან განსხვავებით, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული, დღეის მდგომარეობით, 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში, მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, A კატეგორიაში 13 000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების თემაა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

„800-ზე მეტი ოჯახი გავაბედნიერეთ ფართების დაკანონებით და არ ვჩერდებით, პროცესს ვაგრძელებთ. დღეს გვინდა 26 ოჯახს გადავცეთ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ეს არის წყნეთში, ოქროყანაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ოცხელების ქუჩაზე და მშველიძის ქუჩაზე არსებული ფართები. წარმატება მინდა ვუსურვო ამ ადამიანებს და მივულოცო კიდევ ერთხელ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0