Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
4 მარტი, 2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ უწყების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებებისთვის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, სადაც სხვა უწყებებთან ერთად, დედაქალაქის მერია შედის.

„თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაატარა, თუმცა პროცესს ვაგრძელებთ და ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ანალოგიური ხსნარებით დამუშავდება. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, როგორც მერიის მისაღებში, ასევე, ათივე გამგეობაში და სახელოვნებო სკოლებში. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, საბჭოში შემავალ ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში შესაბამისი ღონისძიება ტარდება. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება. მესამე ეტაპის სამუშაოები კი, რომელიც კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დასრულდება და მოძრაობა აღდგება.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და გვინდა, რომ ეს გამზირი მთლიანად იყოს მოწესრიგებული. 7 მარტიდან გადავდივართ სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპზე. კერძოდ, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილი 400-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე კი, სადაც სამუშაოები აქამდე მიმდინარეობდა, ქვედა ფენები უკვე მოწყობილია. დარჩენილია ბორდიურის მოწყობა და რამდენიმე დღეში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, აღნიშნულ სამუშაოებსაც ძალიან მალე დავასრულებთ. აქაც იმავე ტიპის სამუშაოები იქნება წარმოებული, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება და ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

„კრწანისის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზაგამტარის და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებდა. პროექტის განხორციელებამდე, მოქალაქეებს დაახლოებით, ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის გავლა უწევდათ. როგორც იცით, ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებას რკინიგზის ხაზი კვეთს. სამუშაოების დროს, რკინიგზის ქვეშ გავიყვანეთ გვირაბი და აღნიშნულ ორ დასახლებას შორის მანძილი დაახლოებით, ას მეტრამდე შევამცირეთ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივებს დროს და თანხებს დაუზოგავს. პროექტის შედეგად, მოწესრიგებული, თანამედროვე, ევროპული ტიპის გვირაბი და გზა მოეწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოებსაც დაიწყებს.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქის ერთ-ერთ მეწყერსაშიშ ზონაში, არსებული ყველა პრობლემა და საფრთხე აღმოიფხვრება.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ დედაქალაქში სამწუხაროდ, გვაქვს მეწყერსაშიში ზონები. ერთ-ერთი ასეთია შეშელიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქ მეწყერსაშიში ადგილის თავზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. გასულ წელს დავიწყეთ მონიტორინგი, ვაკვირდებით 24-საათიან რეჟიმში. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ზოგადად ქვემოთ, შეშელიძის ქუჩაზე, ტროტუარი უკვე აღარ არსებობს, ჩამოწოლილია მეწყერი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდა.

„კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, გზა სრულად მოწესრიგდა, დამონტაჟდა განათების ბოძები და LED სანათები. ეს გზა, დაახლოებით, 3-კილომეტრიანია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.

„სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ. ამ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა დედაქალაქის მერიის მხრიდან. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში ხდება. 51-70 ქულის შემთხვევაში, დაფინანსების ოდენობა 50% იქნება, 71-90 ქულის შემთხვევაში - 70%, ხოლო 91-100 ქულის მქონე სტუდენტები სრულ, 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. მოგვმართეთ ყველას, შემოიტანეთ განაცხადი და ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0