8 სექტემბერი, 2021

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

დიდი დიღმის მოსახლეობა მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა, თუმცა, ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება და ჩვენ უკვე ორი წელია, ვმუშაობთ გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად, რომ ეს ტერიტორია დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. დავავალე საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომ ჩვენი დაპირებისამებრ, აქ მოეწყოს რეკრეაციული ზონა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის - მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული სკვერი მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა რეაბილიტაციის სამუშაოები; განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი. შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემები. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ, დამატებით, გამწვანებული თარგებიც მოეწყო. შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა. რამდენიმე დღეში აღნიშნულ სკვერში მისვლისა და ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა გვექნება.

რამდენიმე დღის წინ ფანასკერტელის ქუჩაზე ძალიან კარგი სკვერი გავხსენით, რომელიც მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთული მდგომარეობა იყო - პირდაპირ ვიტყვი, ნაგვით იყო სავსე, ლითონის კონსტრუქციებით. რამდენიმე დღის წინ ადგილზე ვიყავით მისული და ვნახეთ, ახლა რა ლამაზი პროექტია განხორციელებული. ამას ყავს თავისი ავტორები, ადამიანები, რომლებმაც ეს კონკრეტული პროექტი მოამზადეს. მინდა, წარმოგიდგინოთ ეს ახალგაზრდები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი. მინდა, მათ გადავცე მადლობის სიგელები და წარმატებები ვუსურვო. ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ძალიან მიხარია ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში. ვპირდები ყველას, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი ექნებათ ქალაქის განვითარებაში.

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, ცვლილებების შედეგად კი, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია. გასაცემი დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარია, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ.

ფართების დაკანონების პროექტის ფარგლებში, უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. დაახლოებით, 300 მილიონ ლარზე მეტი ქონება არის გადაცემული. დღეს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ კიდევ 12 ოჯახისთვის საკუთრების დაკანონების საკითხზე. საუბარია საცხოვრებელ ფართებზე, სადაც ეს ოჯახები წლებია ცხოვრობენ. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები