უკან დაბრუნება
27 თებერვალი

ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების გაზიფიცირება დასრულდა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი სოზარ სუბარი და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი მამუკა კობახიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ და სოციალურად დაუცველ ოჯახში სიმბოლურად გაზქურა აანთეს. კონსტანტინე ჩაჩავას N6-ში მცხოვრებმა დევნილებმა კახა კალაძეს გაზიფიცირების თხოვნით მიმართეს, რის შემდეგაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დასახლების გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელა და დღეიდან იქ მცხოვრებ 16 დევნილ ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდება. ჩაჩავას N6-ში დევნილები 1991 წლიდან ცხოვრობენ და მათ ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს მიეწოდებოდათ. გაზიფიცირების სამუშაოებზე 7 ათას ლარამდე დაიხარჯა. მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრომ, აღნიშნული ობიექტი კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და იქ მცხოვრებ 16 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.