უკან დაბრუნება
10 ივნისი

’’ASTANA EXPO-2017”

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი საერთაშორისო გამოფენის “ASTANA EXPO-2017-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ და საქართველოს პავილიონი მოინახულს. EXPO მასშტაბური გამოფენაა, რომელიც იმართება სხვადასხვა ქვეყნებში. წელს, საერთაშორისო გამოფენა იმართება ასტანაში, ყაზახეთში 2017 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე. მონაწილეობას 115 ქვეყანა და 22 საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს. გამოფენის განმავლობაში ორგანიზატორები 5 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელიან. “ASTANA EXPO-2017” სლოგანია - ,,მომავლის ენერგია“ რომელიც, მიზნად ისახავს აამაღლოს ადამიანების ცნობიერება ენერგიის გამოყენების კუთხით და ენერგიის გამოყენება გახადოს რაციონალური და ეფექტური. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო მონაწილეობას იღებს ამ მასშტაბურ ღონისძიებაში, რაც მოგვცემს უნიკალურ შესაძლებლობას მოვახდინოთ ქვეყნის პოპულარიზაცია, უფრო მეტად დავუახლოვდეთ თანამედროვე ენერგეტიკულ ინდუსტრიას, გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელი, საინვესტიციო გარემოს სიმარტივით და ხელშეწყობით გამორჩეული ქვეყანა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს, ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. 2016 წლის 7ოქტომბერს შეიქმნა სამთავრობო კომისია რომელიც ორგანიზებას გაუწევს საქართველოს მონაწილეობას “ASTANA EXPO-2017”-ში. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს სექციის კომისარი/ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი.