2 თებერვალი, 2018

თბილისის მერია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმირებას იწყებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, თბილისის N5 საქალაქო ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. კახა კალაძე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა და შენობაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

თბილისის მერმა დედაქალაქში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობასა და ამ მიმართულებით, რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, თბილისში არსებული 36 ბიბლიოთეკიდან 30-ში მძიმე მდგომარეობაა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს.

„საქალაქო ბიბლიოთეკებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროდ, 36 ბიბლიოთეკიდან 30-ში მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა. ცხადია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ჩემს მოადგილეს უკვე დავავალე, რომ წარმოადგინონ კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რათა ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ამ პირობებში მუშაობაც შეუძლებელია და ისიც, რომ ადამიანი მივიდეს და რამით დაინტერესდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკები სჭირდება, სადაც მოქალაქეები მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებენ და ინფრასტრუქტურაც გამართული იქნება.

„თბილისში სულ 36 საქალაქო ბიბლიოთეკაა. თითქმის არცერთი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელსაც რეალურად უნდა შეესაბამებოდეს. ბუნებრივია, პირველ რიგში, შენობებს და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას უნდა მივხედოთ, რომელიც დღეს არსებობს. უნდა მოხდეს წიგნადი ფონდის შევსება, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ასევე, უნდა მოხდეს ბიბლიოთეკების თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა. პროგრამული ნაწილიც უნდა გაძლიერდეს, რადგან ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნის კითხვაა, არამედ სხვადასხვა ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკებში ახალგაზრდები მოვიზიდოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის 1873 წელს დაარსებულ N5 ბიბლიოთეკაში კახა კალაძესთან და სოფიო ხუნწარიასთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები