3 მარტი, 2018

კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარ ქალებს დედის დღე მიულოცა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, თავშესაფრის ბენეფიციარებმა მას რამდენიმე პროექტის განხორციელებას სთხოვეს.

“მინდა ყველა დედას მივულოცო. ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. თავშესაფარში მყოფებმა რამდენიმე პროექტის განხორციელება გვთხოვეს. ქალბატონებს სურთ პატარა მაღაზიის მოწყობა, ხოლო მამაკაცებს სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სხვა მხრივ, აქ პირობები ნამდვილად ძალიან კარგია”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად თავშესაფარში 117 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ემსახურება.