27 ივნისი, 2018

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაა, რისთვისაც, დედაქალაქის მერია ბიზნესსექტორსა და დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად გადასცემს.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა.

„რამდენიმე კვირის წინ მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. სამი ლოკაცია იყო შერჩეული - ვარკეთილის მეტროს, გეგეშიძის სკვერისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ვფიქრობთ, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა არის შესაძლებელი. პროცესი 22 ივნისს დასრულდა და სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არცერთ კომპანიას წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს ის პროექტებია, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტისგან მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემათ.

„ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. გვახსოვს, წინასაარჩევნოდ, 2016 წელს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თუ როგორი აჟიოტაჟი იყო. მაშინ პროცესებს სათავეში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგნენ და ნამდვილად სამარცხვინოა ის ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, იყო ბრალდებები, თითქოს მუნიციპალიტეტმა პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

„ფაქტი სახეზეა, ერთ ლარად გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ბიზნეს სექტორს და ასევე, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამბობდნენ, მიწისქვეშა პარკინგის ადგილებს ჩვენ გავაკეთებთო. გადმოგცემთ ერთ ლარად და განახორციელეთ პროექტი, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც მხარეები საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრებენ.

„ხვალ ვგეგმავთ ბიზნესექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც მერიის ორგანიზებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა იმ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქს გააჩნია და მგონია, რომ ზოგადად, ბიზნესის თანადგომა, მათი ჩართულობა ქალაქის განვითარებაში აუცილებელია. იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული გვაქვს, რა თქმა უნდა, აუცილებელად შევასრულებთ, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. მათი თანადგომა იქნება აუცილებელი იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ და ხვალინდელ შეხვედრაზე ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელი მიიწვია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტებია, რომელთან დაკავშირებითაც, თბილისის მერმა დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ოპერატიული რეაგირება, შესაბამის სამსახურებს კი, მათი უმოკლეს ვადაში აღდგენა დაავალა.

კახა კალაძემ ისტორიულ ძეგლებზე კონდიციონერებით, გამათბობლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანების გახშირებულ ფაქტებს შემაშფოთებელი უწოდა და მოქალაქეებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც დაახლოებით, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე, ხორციელდება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა. პროექტების ღირებულება ჯამში 110 მილიონი ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია, ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა და შენარჩუნება. მაქვს ფოტოსურათები, სადაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს იქ არსებული ისტორიული ძეგლები და შენობა-ნაგებობები, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები სკვერებშიც ფიქსირდება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ხშირია.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ. მესმის, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დამახინჯების ხარჯზე. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც შენობა-ნაგებობებს დაიცავს. ჩვენ ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას გავაგრძელებთ და ამაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. თქვენი, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, ვერ შევძლებთ თბილისს აღვუდგინოთ და მისი ისტორიული იერსახე შევუნარჩუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოსახლეობამ გამგეობასთან შეთანხმებით, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა სხვა ადგილზე უნდა გადაიტანოს, ხოლო ფასადების აღდგენისთვის საჭირო ხარჯებს მუნიციპალიტეტი გამოყოფს. ფასადების აღდგენის სამუშაოებში კი, დედაქალაქის მერია, გამგეობა და „თბილისის განვითარების ფონდი“ ჩაერთვება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მაჭავარიანის ქუჩაზე, 12 223 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინებს ელოდებიან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ეს პრობლემა მოვუგვაროთ. ის 3500 ოჯახი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. კიდევ ერთ ლოკაციაზე - მაჭავარიანის ქუჩაზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, იმისთვის, რომ პროცესში სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები ჩაერთონ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც მერიას მინიმუმ 5000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართს გადმოსცემს, რათა ჯამში დაახლოებით, 80 ოჯახი დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთავრობა უახლოეს მომავალში, ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების გეგმის წარდგენას გეგმავს.

„ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თვეებისა და წლების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და მუნიციპალიტეტს მის მოსაგვარებლად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს.

„მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად, მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს ასევე, ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება დაავალა.

„მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ყველა იმ ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც ამ წესს ექვემდებარება და რომელიც ვერ გაივლის ტექნიკურ ინსპექტირება, ამოღებული იყოს ხმარებიდან. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამაზე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველი, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, მაგრამ ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს სწორი ნაბიჯია. შესაბამისად, დედაქალაქში გაუმართავი ავტომანქანებით მოძრაობა გამორიცხული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე, ქალაქის ისტორიული პარკების აღდგენა-რეაბილიტაციას დაეთმო. კერძოდ, აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია მომავალ წელს, ვაკის პარკისა და ვერის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს. გოძიაშვილის სახელობის პარკის (ე.წ. წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კი, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.

„დედაქალაქის მთავრობამ პარკების რეაბილიტაციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამარჯვებული კომპანია უკვე გვყავს და ახლა ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც უახლოეს დღეებში მოხდება. გაფორმებისთანავე, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ისტორიული პარკების რეაბილიტაციის ვგეგმავთ. პირველ რიგში, ეს შეეხება ვაკის პარკს და ვერის ბაღს. ამ ორ ბაღზე საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. როდესაც პროექტი დასრულდება, მომავალ წელს, პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ. იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ყველა წარმოდგენილ წინადადებას, მიიღებს. ეს არის მასშტაბური პროექტები, რადგან ამ პარკების არსებობიდან მსგავსი სამუშაოები არ განხორციელებულა. საქალაქო პარკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშო და ძალიან მძიმეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიმართულება პოპულარული გახდეს და ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ, პარკებში შევიდნენ და ნორმალურ გარემოში დაისვენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო საკითხი, რომელსაც დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი გამოფენა-გაყიდვაა, რომელიც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით გაიმართება. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „თბილისური ბაზარი“ რიყის პარკში ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე ჩატარდება. „თბილისურ ბაზარზე“ დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა - აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.

„გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, რეგისტრაციის გავლასა და პროექტში ჩართვას შეძლებენ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ამ კონკრეტულ ლოკაციებზე თავიანთი წარმოებული ნივთების გაყიდვა შეძლონ. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი ტურისტია და ეს შესაძლებლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას ღონისძიებები გაიმართება.

„ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას, ქალაქში კონკრეტული ადგილებია, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, გაერთოთ და განიტვირთოთ. ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება და მიხარია, რომ ასეთ ღონისძიებებზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები