4 ივლისი, 2018

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს 25-წლიანი იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში გადასცემს.

კახა კალაძის განცხადებით, რადგანაც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა, ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ და შეცვლილი პირობებით გამოცხადდება.

„გასულ კვირას ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ ამ კონკრეტულ პროექტზე ადამიანებმა ინტერესი არ გამოხატეს. არის მოცემული სამი ლოკაცია - სადგურის მოედნის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები, რომლებიც ბაზრის კვლევის საფუძველზეა შერჩეული და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია მზადაა, კერძო სექტორთან და ბიზნესთან ერთად, მიმდინარე კვირაში ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთხელ გამოაცხადოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ ამჯერად, ბიზნესის მხრიდან ინტერესის გამოხატვა მაღალი იქნება. ჯამურად კი, სამივე ლოკაციის შემთხვევაში, 715 ავტომობილისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება.

„ჩვენ გვქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც ინტერესი არ გამოიხატა. მათ კიდევ ერთხელ, დეტალურად გავაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ამასთან, გამოცხადებული გვქონდა, რომ მიწის ნაკვეთებს დაინტერესებულ პირებს 25-წლიანი იჯარით გადავცემდით, თუმცა ამას ვცვლით და ნაკვეთებს ერთ ლარად, საკუთრებაში გადავცემთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის, როგორც ცენტრალური აპარატისა და თბილისის რაიონების გამგეობების მიერ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა.

კახა კალაძემ გამგებლებსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეორე კვარტალში ბიუჯეტის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ძირითადად, კეთილმოწყობისა და გზების მოვლა-შეკეთების მიმართულებით ფიქსირდება.

„შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესრულების მაჩვენებლები ძირითადად 100%-ს შეადგენს, რისთვისაც მინდა, გამგებლებსა და თქვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ის ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული და ეს მეორე კვარტლის მონაცემებში უკვე იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდეთ. მაგალითისთვის მოვიყვან სამგორის გამგეობის შესრულების მაჩვენებელს - პირველ კვარტალში, გზებისა და კეთილმოწყობის ნაწილში 10-20%-იანი შესრულება იყო. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ცვლილებები მოხდა და ახალი გამგებელი დაინიშნა, სამგორის რაიონის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი გზების ნაწილში 99.97%-ს, ხოლო კეთილმოწყობის ნაწილში 99.96%-ს აღწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მეორე კვარტლის შესრულებამ პირველი კვარტლის მონაცემებს რადიკალურად გაუსწრო, რადგან ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

„ეს არის ზუსტად ისეთი ხარისხი, რომელიც ჩვენ დედაქალაქს, მოსახლეობას სჭირდება და მხოლოდ ასეთი მუშაობის შედეგად შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შედეგებს, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა. მადლობა მინდა ასევე, გადავუხადო მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს, ვინაიდან ძირითადი ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სწორედ ამ საქალაქო სამსახურის მეშვეობით ხორციელდება, სადაც ასევე, ორი კვარტლის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, სამუშაოები გზების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების, სპორტული მოედნების, სკვერების, დასასვენებელი პარკების, გზაგამყოფების კეთილმოწყობის, სანიაღვრე ქსელებისა და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგების მიმართულებით შესრულდა, რომლითაც დედაქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოებია, რომელიც ხვალიდან დაიწყება და დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება.

„გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. საუბარია დაახლოებით, 13 000 კვადრატულ მეტრზე. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რასაც ვეუბნებით მოსახლეობას, ის ყველაფერი შესრულდეს. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ, ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო მოედანი, საბავშვო სათამაშო მოედანი, სარწყავი სისტემა, საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.

„რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია გამწვანდება და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. პროექტი დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება და გლდანს ერთ-ერთი ულამაზესი პარკი ექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ, დედაქალაქში ღია კაფეების თვითნებურად მოწყობის საკითხზე გაამახვილა, რადგანაც, მისი თქმით, კაფეების დიდი ნაწილი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

„ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას. მათი დიდი ნაწილი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება. არაფერს ვამბობ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია კაფე-ბარების მესაკუთრეებთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მათ შესაბამისი დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. დაინტერესებულმა პირებმა კი, ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ.

„ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ქართველ მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალსა და მოქანდაკე რეზო გაბრიაძეს, რომელსაც 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა, აღნიშნული თარიღი მიულოცა და ქალაქის ცხოვრებაში მის განსაკუთრებულ ღვაწლს გაუსვა ხაზი.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელოვანს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცემა.

„საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და სძენს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ხელოვანი რეზო გაბრიაძეა. მას რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის სიგელი გადავცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები