უკან დაბრუნება
2 ივლისი

თბილისელობის საზომი თბილისზე ამაგია

"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე. მე არანაირი მოთხოვნა არ მქონია გუნდში, რომ ესა თუ ის სამინისტრო უნდა ჩავიბარო. გუნდის გადაწყვეტილებას ყოველთვის პირნათლად შევასრულებ, რა მიმართულებაც არ უნდა იყოს", - აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი და დღეიდან "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
დღეს საღამოს, თბილისის მერობის კანდიდატად "ქართული ოცნების" გუნდი სწორედ კახა კალაძეს წარადგენს.
ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები უკვე გავაცანით "აიპრესის" მკითხველს. გთავაზობთ სრულ ვერსიას.
- გახსოვთ, ალბათ, დავით ნარმანიაზე რა ამბავი იყო ატეხილი... ისე ამთავრებს თავის მერობას, დღესაც განხილვის თემაა მისი არათბილისელობა. ამაზე თუ გიფიქრიათ? პოლიტიკისოებიც კი არ ერიდებოდნენ წარმოშობაზე საუბარს... თბილისელების რეაქცია არ გადარდებთ?
- სადარდებელი რას ნიშნავს? იცით თბილისელობას საკმაოდ უცნაური განმარტებები თანდევს ... საერთოდ არ მესმის ის კრიტერიუმები, რითიც ადამიანის შეფასება ხდება ამ მიმართულებით. თბილისი არის მრავალენოვანი და მრავალეროვნებიანი ქალაქი, საქართველოს სხვადახვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების ქალაქი. ოდითგანვე, ისტორიულად იყო ასე. მეოცე საუკუნის შუიდან დღემდე ეს მიგრაცია უწყვეტ პროცესად იქცა... ალბათ ეს არის ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულობა და ეს მოზაიკური ქალაქი თავისი მრავალენოვანი და მრავალკუთხოვანი მოქალაქეებით, არის რეალობა.
თბილისი უნდა გიყვარდეს, თბილისი უნდა გტკიოდეს, ეს არ არის მარტო სადღეგრძელოს თემა, ეს არის თითოეული აქ მაცხოვრებელი ადამიანის შემადგენელი ნაწილი. თუ როგორც სხეულის ნაწილს ვერ გრძნობს თბილისს - ესე იგი არ ხარ თბილისელი - ესაა ჩემთვის შეფასების კრიტერიუმი. თბილისის სიყვარული, თბილისზე ამაგია თბილისელობის საზომი. 
- ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის. საპარლამენტო არჩევნები თქვენ ჩაგაბარეს და თქვენ უძღვებოდით მას. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დიდი წილიც თქვენზე მოდიოდა.
ამ არჩევნებზე ძალიან ხშირად შეგახსენებენ თქვენს სიტყვებსა და დაპირებებს ის ადამიანები, რომლებმაც მხარი დაგიჭირეს. შეუსრულებელ დაპირებებს განსაკუთრებით ოპოზიცია გაგახსენებთ. როგორ მიიჩნევთ რა დაპირებებიც მიეცით საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანებს, იმის რამდენი პროცენტი შეასრულეთ, სად შეგეძლოთ მეტი გაგეკეთებინათ, მაგრამ ვერ შეძელით?
- დაპირებებს და მის შესრულებას რაც შეეხება, ეს არის დინამიური პროცესი, რამდენიმე თვეში ყველაფრის შესრულება და ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირიშია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, რომელიც ასევე ყველაზე მოთხოვნადი და პრობლემატურია დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, ნაკლებად ამახვილებენ ასეთ თემებზე ყურადღებას. ძირითადად, პოლიტიკური თემებია ხოლმე აქტუალური და მათი ტირაჟირება ხდება.
მთავარი მიმართულებებია: ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ენერგეტიკული პროექტები და განათლების რეფორმა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 
განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი პროექტი ხორციელდება. შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყოს რაღაც ჩამორჩენა, შეიძლება დროულად ვერ ხდებოდეს მიცემული პირობის შესრულება, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენი გუნდი ყველა მიცემულ პირობას შეასრულებს.
- განათლების რეფორმა ახსენეთ, რომელიც ვერ უძლებს საზოგადოების კრიტიკას .. თქვენ სამი შვილით გყავთ და ალბათ მათაც საქართველოში უნდა მიიღონ განათლება. მოგწონთ ეს განათლების სისტემა, რაც ჩვენს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშია?
- ზუსტად იმიტომ, რომ ხარვეზები არსებობდა, პრემიერისა და მინისტრის მიერ არაერთგზის გაცხადდა, რომ აუცილებელია რეფორმის განხორციელება, მიდგომების შეცვლა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. 
მე ნამდვილად მსიამოვნებს ის, რომ ბაღების რაოდენობა იზრდება, შენდება ახალი სკოლები, ხდება მათი რეაბილიტაცია, რადგან, ელემენტარული, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწავლა-განათლების მიღებამდე ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალურ გარემოში მიიღოს განათლება, თავზე ჭერი არ ენგრეოდეს და წყალი არ ჩამოდიოდეს.
მუშაობა დაწყებულია, როგორც რეაბილიტაციისა და მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე სწავლის, განათლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით.
ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება, რაც მინისტრს დაწყებული აქვს. რასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეულწილად ვიღაცისთვის მტკივნეული, პრობლემური იყოს, მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია ჩვენს ქვეყანაში. 
- თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე გადავიდეთ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ , სააკაშვილის იდეებსა და მიზნებს გაემიჯნა. როგორ ფიქრობთ, ამ გაყოფამ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმები დააკლოს და იმ ნაწილმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან არ უყვარდა, მაგრამ არც „ქართული ოცნება“ ეხატებოდა გულზე, შეიძლება ხმა „ევროპულ საქართველოს“ მისცეს?
- თვითონ გაყოფის პროცესი, ვფიქრობ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და ეს მათი საქმეა. რაც შეეხება იმას, დაგვაკარგვინებს თუ არა ჩვენ ხმებს, მე ასე არ ვუყურებ ამ საკითხს, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგია და პოლიტიკური ხედვები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ევროპულ საქართველოსაც. შეიძლება ერთი გაემიჯნა იმ რადიკალურ მიდგომებს, რაც მიხეილ სააკაშვილის გუნდად წოდებულებს გააჩნდათ, მაგრამ წარსული რჩება წარსულად...
რაღა დროს რადიკალიზმია, სხვა მიმართულებებია და ხალხს უნდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, მეტი შესაძლებლობები, კეთილდღეობა რომ იგრძნონ, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ეს არის მთავარი მიმართულება. ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებზე გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან მათ აქვთ თავიანთი იდეოლოგია, თავიანთი ხედვა, და ვფიქრობ ერთმანეთს წაართმევენ ამომრჩევლებს.
- ნაციონალური მოძრაობიდან თქვენ „მომაგრებული“ გყავთ რომან გოცირიძე, ყველა თქვენს ნაბიჯს აკრიტიკებს, თითოეულ თეთრს გითვლით და ყველა პროექტზე მოსაზრებებს გამოთქვამს... მისი სტატუსების დაახლოებით 80% გეძღვნებათ ხოლმე პირადად თქვენ. რამე ძველი მტრობა ხომ არ გაქვთ ერთმანეთში?!
-ძალიან სამწუხაროა როდესაც ქვეყანაში გყავს ეგეთი ოპოზიცია. რომან გოცირიძე ნათელი წარმომადგენელია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციონერი. ყველაზე წარმატებული პროექტი ავიღოთ, მაგალითად ქარის სადგური, დადო ფოტო, როდესაც ქარი არ იყო და მიაწერა, არ ტრიალებსო... და ქარი თუ არ იყო, სულს ვერავინ შეუბერავს რომ იტრიალოს. თუ არ არის ქარი, ის გაჩერებული იქნება. მე მაგალითად როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, რაც კარგი კეთდებოდა ქვეყანაში, ყველაფერი მიხაროდა. ამაზე ღიად ვსაუბრობდი, არ ვმალავდი.
- ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ამარა დარჩა, თუ არ ჩავთვლით „პატრიოტთა ალიანსს“ რომელსაც მცირერიცხოვანი წარმომადგენლობა ჰყავს. არ ფიქრობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრება გაცილებით უფრო დინამიური და საინტერესო იყო, როცა „რესპუბლიკელებიც“ და „დემოკრატებიც“ იყვნენ, განსაკუთრებით ბოლოს, როცა კოალიციას გამოეყვნენ? არამრავალპარტიული პარლამენტი არა მხოლოდ უმრავლესობისთვის, ქვეყნისთვისაც სერიოზული პრობლემაა...
- დავიწყოთ იმით, რომ ადამიანებმა სწორი ანალიზი უნდა გააკეთონ თავიანთ პარტიასთან, პოლიტიკურ ხედვებთან მიმართებაში და შესაბამისად მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. მთავარია სწორი ანალიზი გაკეთდეს. "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" პარლამენტში რომ იყვნენ, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება იყო და ამ ფაქტს მგონი არც არავინ უარყოფს.
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძლიერი პარტიების დეფიციტი ნამდვილად არის ქვეყანაში, ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან, როდესაც ხელისუფლება არის, მას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რადგან ხელისუფლების და ძლიერი ოპოზიციის სწორი მუშაობით შესაძლებელია ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფად განვითარება. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი იქნება სამუშაო.
მე მივესალმები ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობას, ახალგაზრდების გამოჩენას, მაგრამ არსებობს სტერეოტიპები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკა არის ბინძური და ა.შ. ეს ვფიქრობ სწორი მიდგომა არ არის და ჩვენ, ახალმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სტერეოტიპები დავანგრიოთ. ძალიან ბევრი განათლებული ახალგაზრდაა, ძალიან ბევრი საღი აზრი აქვთ ქვეყანაში, რომ მოვახერხოთ ამ ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ, 
- იმ ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელზეც საუბრობთ, საზღვარგარეთ არის წასული...
- ბევრი იქ მიდის სასწავლებლად, შემდეგ იქ რჩებიან, თუმცა საქართველოშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ განათლებული, ძლიერი ახალგაზრდები დარჩეს, პოლიტიკაში შემოვიყვანოთ, მათი ცოდნა-განათლება გამოვიყენოთ და ა.შ. 
საზოგადოება დაიღალა ამ ერთიდაიგივე ძველი პოლიტიკური სახეებისგან, თან როგორ ხდება, აქვთ წარუმატებელი პროცესი. გამოაცხადებენ, რომ გადიან პოლიტიკიდან, დროებით წყვეტენ საქმიანობას, ცდილობენ საზოგადოებას დაავიწყონ თავიანთი სახეები, ზოგი წვერს მოუშვებს, ზოგი ულვაშს და შემდეგ რამდენიმე თვის, ან წლის შემდეგ ცდილობს ისევ დაიბრუნოს ადგილი პოლიტიკაში. 
თითქოს დაბევებული აქვთ ეს ადგილი და შედეგად მოხდა პოლიტსპექტრის თითქმის სრული მარგინალიზაცია. ამით ფონზე საზოგადოება არის ძალიან პოლიტიზირებული, ვინაიდა ელის სიახლეს, ელის ახალ სახეებს ახალ პორცესებს, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპზე გადაყვანას, ამას პოლიტიკოსებისგან ვერ ღებულობს და ამმოთხოვნილებას თავის წიაღშივე იკმაყოფილებს მუდმივად პოლიტიკაზე საუბრით, განცდით, წუხილით. 
ეს ასე არ ხდება, უბრალოდ საზოგადოება დაიღალა ძველი, ერთი და იგივე სახეებით, რაღაც სიახლეა საჭირო, ახალი სისხლია საჭირო, განახლებაა საჭირო პოლიტიკაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს 2016 წელს გააკეთა, ბევრი ახალი სახე შემოვიდა.
- ძველი სახეებიც ბლომად დარჩნენ პარლამენტში...
- ბევრი არა, მაგრამ რაღაც ნაწილი დარჩა. ჯერესერთი, ეს გახლავთ ადამიანები, ვინც 2012 წელს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას , როდესაც ყველაზე რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, დამდგარიყავი იქ, სადაც განსხვავებული აზრი იყო, ბევრი რამ გააკეთეს ქვეყნისთვის. რა ხდებოდა ამ ადამიანების მიმართ, ხომ იცით... ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეს რისკი აიღეს საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახებზე, ეს სამწუხაროდ ყველას ვერ და არ შეუძლია. მეორეც - პოლიტსპექტრს ასე ერთი ხელის მოსმით ხომ ვერავინ შეცვლის? მოვდივართ ახალი სახეები, ბევრი გადის პოლიტიკიდან, ბევრი ახალ პოლიტიკურ გამოწვევებს უწყობს ფეხს და რჩება, ბევრიც საზოგადოების განწყობის გამო რჩება პოლიტიკური ცხოვრების მიღმა. მგონია რომ ჯანსაღი პროცესია და სულ მალე ძლიერი, მოტივირებული ოპოზიციაც გვეყოლება, ახალი სახეებიც შეემატება პოლიტიკოსებს, და საერთოდაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავა.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ. ჟურნალისტი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გადაიყვანეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. თუ არ იცოდნენ და ვერ გაიგეს ამის შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებმა კიდებ უარესი. როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტით რამდენად შეილახა ჩვენი იმიჯი საერთაშორისო არენაზე?
- ფაქტს რაც შეეხება, არის ძალიან ცუდი. მე როგორც ვიცი, შესაბამისი სამსახურები იძიებენ საქმეს. ერთი გარანტირებულად რაც შემიძლია ვთქვა, ის სპეკულაციები თითქოს ქართული სპეცსამსახურები იყო ჩართული ამ ამბავში, არის სრული აბსურდი. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, გამოძიება მიმდინარეობს და ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება დადგინდეს და გახდეს ცნობლი ყველაფერი, რა მოხდა.
- გასაგებია, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ თვითონ ფაქტი ჩვენს ქვეყანას, როგორც ლიდერს რეგიონში, დემოკრატიულობის თვალსაზრისით ჩრდილს არ აყენებს?
- რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, ძალიან ცუდია. ჩვენ 2012 წლის მერე დემოკრატიისთვის სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ. ამიტომ ეს კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და იმედს ვიქონიებ, რომ შესაბამისი სამსახურები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.
- ენერგეტიკულ პროექტებზე გადავიდეთ. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ თითოეული ელექტროგადაცემის ხაზის დადგმასთან დაკავშირებით იწყება მოსახლეობის პროტესტი. ხომ არ ფიქრობთ რომ იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ევალება მოსახლეობამდე სწორად მიიტანოს ინფორმაცია, თუნდაც ჰესების მნიშვნელობასთან, ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ნაკლები კომუნიკაციაა ხალხთან, რაც ამ პრობლემებს იწვევს?
- ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, სპონტანურად არ ხდება. არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვინც აღვივებს და ეწინააღმეგებიან ყველა ენერგეტიკულ პროექტს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ეს არ არის მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზები, ეს არის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, თბოსადგურების. ყველა ენერგეტიკულ პროექტს, მიუხედავად მათი სიმძლავრისა, ზომისა, წონისა ეწინააღმდეგენიან.ეს არის მიზანმიმართული კამპანია. 
- ვისგან?
- ვისგან და საიდან, ეს ჩემი საქმე არ არის და ამას შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2012 წლიდან რა პროექტებიც განვახორციელეთ, გულწრფელად მეამაყება, რომ თანამონაწილე ვარ იმ დიდი აღმშენებლობის, რაც დარგში განხორციელდა. 
ეს არის უამრავი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ექსპლვატაციაში შევიდა და რომლისგანაც ვიღებთ ელექტროენერგიას; ეს არის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ხაზები და ასე შემდეგ. 
ეს აღმშენებლობის პროცესი შეუქცევადია, აუცილებლად გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივაღწევთ იმას, რომ ელექტროენერგიის ნაწილში არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. 
-ყველაზე მეტად რომელი პროექტით ამაყობთ?
- ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, დაწყებული 1 მეგავატიდან დამთავრებული 100 მეგავატამდე. ასევე მნიშვნელოვანია ქარის სადგურები, რომელიც გორში გაიხსნა. ვფიქრობ რომ არა მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრო, ყველა ქართველი ამაყობს ამ პროექტით. ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი პროექტია. ახლა ღამის განათებაც გვინდა რომ გავუკეთოთ და უფრო ეფექტური იქნება. ბევრი პროექტია, იგივე სადგურების ნაწილში, იგივე ხაზების ნაწილში. ძალიან მასშტაბური პროეტები განვახორციელეთ და მართლა მეამაყება ეს ყველაფერი.
მესტიაში დავიწყეთ ახალი პროექტის მშენებლობა, ეს არის მესტია-ჭალის ჰიდრავლიკური სადგურების კასკადი, საერთო ჯამში 50 მეგავატი და 2018 წელს დასრულდება.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ორი პროექტიდან ყოველწლიურად, დაახლოებით მილიონი ლარი საშემოსავლო გადასახადები შევა მესტიის მუნიციპალიტეტში. ეს შემოსავალი მთლიანად რჩება მესტიას. მათ ექნებათ შესაძლებლობა თვითონ მოიხმარონ და თვითონ გაანაწილონ ეს თანხები იმ პრიორიტეტულ პროექტებში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
- ბატონო კახა, პრეზიდენტის ინსტიტუტზე მინდა გკითხოთ. ძალიან უხერხულია ქვეყნის იმიჯისთვის ის მოცემულობა, რაც პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორისაა.
პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს მის ჩამოშორებას ყველანაირი პროცესებიდან და ა.შ. თავის მხრივ მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობს იმას, რომ პრეზიდენტი შეკრულია ოპოზიციურ ძალებთან და მათთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ბოლოს და ბოლოს, ვინ-ვის ერჩის, პრეზიდენტი გერჩით თქვენ, თუ პირიქით? შეიძლება თუ არა ამ საკითხის ისე დარეგულირება, რომ პარტნიორი ქვეყნების თვალში მაინც არ იყოს ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში?
- არავინ არავის ერჩის, უბრალოდ, კონსტიტუციის ცვლილებაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით, მიდის პოლემიკა. ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რაც სწორია, რაც წაადგება ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას... არავინ ველოსიპედს არ იგონებს, ნებისმიერი ვარიანტი - არჩევითობაც და დანიშვნაც არის სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. 
ჩვენ თუ გვინდა აქ საპარლამენტო მოწყობა და პრემიერი იყოს ქვეყნის პირველი პირი, მაშინ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს დანიშვნითი და არა არჩევითი. თუმცა, ისიც შეიძლება არჩევითი იყოს, ოღონდ მაშინ უნდა გვქონდეს საპრეზიდენტო რესპუბლიკა. 2011-2012 წლებში გადავედით საპარლამენტოზე და ეს კონსტიტუცია ისე უნდა მოვაწყოთ, რომ რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე, კონკრეტულ პიროვნებებზე კი არ იყოს,მორგებული ( რისი სამწუხარო მაგალითები გვაქვს უახლოეს წარსულში) არამედ ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. 
- ყველა ხელისუფლებას ჰგონია, რომ კონსტიტუციას ისე ცვლის, როგორც ქვეყანას სჭირდება. ამერიკამ, თავისი კონსტიტუციაში, რაც მიიღეს მას შემდეგ, მგონი სულ 2 ცვლილება შეიტანა და ხელი აღარ უხლიათ, იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ჩვენთან ყველა ხელისუფლება თავისი შეხედულებისამებრ ცვლის, რამდენად ნორმალურია ეს პროცესი?
- ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენთანაც დემოკრატიული ფორმირების პროცესი სტაბილურად რომ განვითარებულიყო დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ამერიკის მაგალითი კარგია და სანიმუშოა, ხშირად ვიყენებთ კონსტიტუციაზე საუბრისას, მაგრამ ჩვენი რეალობა სხვაა, ჩვენი კონსტიტუცია იმდენად ნაწვალებია რომ ამჯერად ეს კომისია რომელიც მუშაობს, უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ მის გამოსწორებას და სტაბილური სახის მიცემას ცდილობს. აი მათი მუშაობის შედეგად უნდა დაიდოს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნება და იქნება. არანაირი ხელისუფლების ცვლილებები, ვერანაირი პიროვნებები სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე ვერ და არ უნდა შეეხონ მორიგი გადაკეთების მიზნით მას. 
ამ კონსტიტუციაზე მარტო ხელისუფლება არ მუშაობს, არიან სხვადასხვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ა.შ. ასევე, როდესაც გარკვეული შეთანხმებები მოხდება, ვენეციის კომისია გადის ამ დოკუმენტს და იძლევა რეკომენდაციებს რა უნდა გასწორდეს, რა უნდა გამოსწორდეს, რა არასწორია და ა.შ. ანუ ეს ერთი პირის, ან კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია ვერ იქნება. 
სხვათაშორის, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ხელმძღვანელობს ამ კონსტიტუციას, კარგად გართვა თავი. საკმაოდ მაშტაბურად, დინამიურად ხდება განხილვა რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც ჩართულია, არის პოლემიკა, არის მწვავე საკითხებიც, ეს არის ნორმალური პროცესი, აბა სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. 
თვითონ პრეზიდენტის არჩევითობას რაც შეეხება, არგუმენტებს ვისმენთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, და პრეზიდენტი იქნება გარკვეული ბალანსი. პრეზიდენტი ვერ იქნება დამბალანსებელი. დავიწყოთ იმით, რომ როცა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, ის იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი, ამის დიდი დამსახურებაა, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა, მას არც მოეთხოვებოდა ერთი პარტიის და მათი მხარდამჭერების პრეზიდენტი ყოფილიყო, მე მგონი ჩვენ ზუსტად მაგიტომ შევცვალეთ ხელისუფლება 2012- ში, რომ პრეზიდენტი, ქვეყნის მთავრობა, გამარჯვებული პარტია უნდა ყოფილიყო ყველასი და არა მარტო ერთმანეთისთვის. 
- იმედები გაგიცრუათ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა?
- მარგველაშვილი, როგორც "ქართული ოცნების" კანდიდატი , ნიშნავდა არა პარტიის კუთვნილ პრეზიდენტს, არამედ პარტიის ხელისუფლების დამხმარე დამატებით სახელმწიფო ინსტიტუციას ქვეყნის მშენებლობის საქმეში. ჩვენი გუნდის წევრს ქვეყნის სამსახურში. მან კი რა გამოაცხადა?! როგორც კი დისონანსი დაიწყო აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მას შორის, არ ვარ ოცნების პრეზიდენტიო. ეს იყო პოპულისტური განცხადება, რასაც მოჰყვა უკვე პოლიტიკურად გათვლილი ნაბიჯი - ის დღემდე თამაშობს როლს, რომ არის ყველა პარტიის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ გარდა. პრეზიდენტი თითქოს ოპოზიციაში უდგას ქვეყნის ხელისუფლებას, და ეს პარტნიორების თვალში, როგორც თქვენ ბრძანეთ, ცოტა კომიკურ კონტურებს იძენს...
ასე რომ , კონსტიტუციას რაც შეეხება - არავინ ჩაწერს რომ "ქართული ოცნება" ებრძვის მარგველაშვილს, რაზეც დემაგოგობს ზოგიერთი ამ დაპირისპირებით ანგაჟირებული პირი. ეს განცხადებები, პირველ რიგში, აჩვენებს მათ არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებას კონსტიტუციისადმი. მთვარი არის ქვეყნის მოწყობას რა ფორმა უფრო სჭირდება და მოუხდება . თუ კი ეს არის რეალობა , რომ ყოველთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს მმართველი ძალის კანდიდატი, მაშინ რა საჭიროა ან ამ არჩევნებში მოსახლეობის შეწუხება ან ზედმეტი დანახარჯი , მაშინ ბუნებრივია, დანიშვნა არის ლოგიკური. 
- რატომ ხართ ასე ძალიან დარწმუნებული? მარგველაშვილს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ოპოზიციაში... 
ცხადია მარგველაშვილსაც ეყოლება ვინმე მხარდამჭერი, პიროვნულად კი ყველა პოლიტიკოსს ჰყავს თინდაც რამდენიმე გულშემატკივარი და თანამოაზრე, მარგველაშვილი კი პოლიტიკურად დამოუკიდებელ თამაშზეა გადასული პრეზიდენტად არჩევის დღიდან. მაგრამ ეს სხვა თემაა, და მარგველაშვილის განხილვა კონსტიტუციაში ჩანაწერთან კავშირში არაა.
ამიტომ მგონი მისაღებია ყველასთვის - ვინც ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე მაშტაბურად ფიქრობს, პრეზიდენტი უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური პიროვნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ , პრეზიდენტი არის ხალხის, ქვეყნის სახე და არა რომელიმე პარტიის.
- თან ამბობთ, პრეზიდენტი ნეიტრალური პიროვნება უნდა იყოსო, თან ამბობთ, მაინც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, არჩევითი რომც იყოსო. იყოს არჩევითი მაშინ და ხალხმა გადაწყვიტოს... 
- დანიშვნის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყოს, იქ სხვა საინიციატივო ჯგუფსაც ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს კანდიდატები, მარტო პარლამენტი არ ირჩევს, როცა პირდაპირ დანიშვნა ხდება, ამაში ჩართულია რეგიონები და ა.შ. ზუსტად არ მახსოვს, 300 კაცი ირჩევს, თუ 400... 
კიდევ ვიმეორებ არავინ იგონებს რამე ახალს და განსაკუთრებულს-ასეთი მეთოდი ბევრ ქვეყანაშია. ბევრი ასპექტით მისაღები უნდა იყოს საქართველოსთვისაც.
- თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარტიის შექმნას აპირებს? 
- არა, მე არ ვიცი კონკრეტულად რის შექმნას აპირებს გიორგი მარგველაშვილი, მისი ქმედებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ პოლიტიკური გუნდს ქმნის და ამაში თავის ამჟამინდელ სტატუსს საკმაოდ სარფიანად იყენებს.

- საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ბევრ რამეზე გიფიქრიათ და ბევრ რამეს აანალიზებთ. რა იქნება თქვენი პრიორიტეტი თუ თბილისის მერად აგირჩევენ? თბილისს რომ უყურებთ, რას ფიქრობთ, რა ჭირდება ყველაზე მეტად? რას გააკეთებდით თქვენ ამ ქალაქისთვის?
- თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, რადგან დედაქალაქს ჰყავს ჯერ კიდევ მერი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობამ აირჩია. ძალიან ბევრი დრო გვექნება, რომ ვისაუბროთ ხედვებზე, როგორ ვუყურებ მე დედაქალაქს, რა უნდა გაკეთდეს და ა.შ. ძალიან ბევრი იქნება დროც და სასაუბროც ამასთან დაკავშირებით...
 
ipress.ge